22 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
NED-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებოდა - თეონა აქუბარდია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში და შეფასებები - ქვეყნის დიპლომატიური უწყება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობით დაინტერესდა და ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ მიუთითებს, რომ ფონდი დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობითა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. უწყება აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისში NED-მა მხარდაჭერა გამოუცხადა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში, უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.

ანგარიშს შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში NED-ის მნიშვნელოვან წვლილზე საუბრობენ.

"პირველად ხდება, რომ ჩინეთი საქართველოში უპირისპირდება აშშ-ს, რომელიც არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და პირველად ხდება, რომ "ქართული ოცნება" ამ გლობალურ დაპირისპირებაში იკავებს ჩინეთის მხარეს, რაც დამღუპველია საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის. ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად. აშშ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას წლების მანძილზე უწევდა და NED-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებოდა," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს დემოკრატიისა და სხვა დარგების განვითარებაში.

"საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, სხვადასხვა დარგის განვითარებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წვლილი მათი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება 26 ოქტომბრის შემდეგაც." - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები