139 შეტაკება ბოლო 24 საათში. უკრაინა წინ მიიწევს, რუსეთის ძალები კი ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობენ. რუსული მხარე ყველაზე აქტიური პოკროვსკის ფრონტზეა, სადაც მათ 46 თავდასხმა განახორციელეს.
რთული ვითარებაა კურსკის ოლქშიც, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათში ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში, სამი ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. შეტევა იყო კიევზეც. შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა მებრძოლს მადლობას უხდის თავდადებისთვის.
"დღეს გენერალი სირსკი ანგარიშს გვაბარებდა კურსკის რეგიონში ჩვენი წინსვლის შესახებაც. ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკრაინელების სიმამაცე ბევრს ნიშნავს. მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მებრძოლს, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და მეთაურს.
ასევე მადლობა ყოველ ქვედანაყოფს, რომელიც ჩვენს გაცვლით ფონდს ავსებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების ხარჯზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი სამოქალაქო პირების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ,"- აცხადებს ზელენსკი.