ფეხბურთის ფედერაცია "დინამო არენას" ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელიც დინამოს სტადიონის ადმინისტრაციისგან მიიღო და მიზეზებზე საუბრობს. წერილში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო.
თავდაპირველად გავრცელდა 6 აგვისტოთი დათარიღებული წერილის ის ვერსია, სადაც იარუსის შემოწმების საჭიროება ნახსენები არ იყო. სწორედ ამიტომ, ფედერაციამ ოფიციალური წერილი გაასაჯაროა.
"დინამო არენას" მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ფეხბურთის ფედერაციაში. ფედერაციის მდივანი დავით მუჯირი "კურიერთან" აცხადებს, რომ წერილები გაგზავნილია ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომრით. მუჯირის თქმითვე, მათ იხელმძღვანელეს იმ ნაწილით, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არენის ერთ-ერთ იარუსს სჭირდება დეტალური შემოწმება და იქ მაყურებლის განთავსება იქნება შეუძლებელი. სწორედ ამიტომ განაცხადეს, რომ შეცვალეს გეგმა და, "დინამო არენას" ნაცვლად, ჩეხეთთან მატჩი მესხის სტადიონზე გაიმართება.
"სტადიონის მეპატრონემ თვითონ დაადასტურა, რომ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ყველა ტრიბუნა იყოს გამოყენებული. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი იარუსის გამოყენება სრულიად არის აკრძალული, რომელიც თამაშს საორგანიზაციო კუთხითაც კი ხელს უშლის ჩასატარებლად იმიტომ, რომ არის UEFA-ს ოფიციალური შეხვედრა.
დიდი სურვილია ჩვენი, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდეს და აღმოიფხვრას ეს პრობლემა, და უკვე თუნდაც შემდეგი თამაშიდან, რომელიც ოქტომბერში გვაქვს გასამართი, ალბანეთის ნაკრებთან, შევძლოთ.
თუკი "დინამოს" მეპატრონე მოაგვარებს ამ პრობლემის აღმოფხვრას, უკვე ოქტომბერშიც მზად ვართ, ჩვენს მოწინააღმდეგეს შევუთანხმდეთ, თამაშის ლოკაცია ქალაქი თბილისი დარჩება, სტადიონი შეიცვლება და, მიხეილ მესხის ნაცვლად, ისევ "დინამო არენა" იქნება.
საბედნიეროდ, გვაქვს ქალაქში ალტერნატიული სტადიონები და შეგვიძლია მიხეილ მესხზე ვითამაშოთ ამ რანგის ტურნირის მატჩები. აგრეთვე, ბათუმშიც ვითამაშებთ, როგორც იცით, ნოებმერში, უკრაინის ნაკრებთან და მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემა მოგვარდეს მალე იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესია, პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს სტადიონზე.
ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გადავერთოთ იმ ნოტაზე, რომ მოვემზადოთ სათანადოდ ერთა ლიგისთვის, ახალი სეზონისთვის,“ - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.