22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
კონსპიროლოგიაში შესვლას არ ვაპირებ... მივესალმები იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც NED-ს აქვს გაკეთებული უამრავ ქვეყანაში - გრიგოლ გეგელია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელ ანგარიშს "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობის შესახებ ქართული ოპოზიცია ეხმაურება.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, NED-ის საქმეს იცნობს და იცის, რომ ის დემოკრატიის განვითარებას ემსახურება.

"კონსპიროლოგიაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ. NED-ის საქმეს ვიცნობ ძალიან კარგად, ვიცი, რომ ის ემსახურება დემოკრატიას, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სხვადასხვა ჯგუფის მხარდაჭერაში დემოკრატიული კუთხით, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, თუ ამ დამოკიდებულებას რომელიმე ინსტიტუტი იცავს და პირიქით - მივესალმები იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც NED-ს აქვს გაკეთებული უამრავ ქვეყანაში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის, რომ "ქართული ოცნება" აშშ-ის დემოკრატიის კრიტიკაში ჩაერთო, ღირებულებით განხეთქილებაზე მიუთითებს, რომელიც მმართველ გუნდს რეალურ დემოკრატიასთან აქვს.

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ ქმედებებამდე საქართველოსა და დასავლეთს ჰქონდა საერთო ინტერესები და ამ ინტერესების გატარებაში შედიოდა, მათ შორის, დემოკრატია. მაშინ, როდესაც ჩინეთი, გარკვეულწილად, აკრიტიკებს აშშ-ს დემოკრატიის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, და ამაში რომ ერთვება "ქართული ოცნება", ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ ღირებულებით განხეთქილებას, რომელსაც "ქართული ოცნება" უპირისპირებს რეალურ დემოკრატიას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები