FRIENDS-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალებაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა ცნობილია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საბრალდებო დასკვნით ირკვევა, რომ პერის გარდაცვალებისთვის ბრალი წარედგინა ნარკომოვაჭრე ჯასვენ სანგას, რომელიც "კეტამინის დედოფლის" სახელითაა ცნობილი, ექიმ სანვადორ პლასენსიას, ექიმ მარკ ჩავესს, მეთიუ პერის თანაშემწე კენეტ ივამასასა და ერიკ ფლემინგს, რომელიც საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც "თანაშეთქმული".
ლოს-ანჯელესის პოლიცია აცხადებს, რომ საქმე ეხება კეტამინის მომწოდებლების "ფართო კრიმინალურ ქსელს", რომელიც ნარკოტიკებს აწვდიდა მეთიუ პერისა და სხვებს. ისინი ამბობენ, რომ ქსელმა პერის ნარკოდამოკიდებულებით ისარგებლა.
ლოს-ანჯელესის პოლიცია ამტკიცებს, რომ ორმა ექიმმა, 2023 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე, მეთიუ პერის 20 ფლაკონი კეტამინი მიჰყიდა, 55,000 დოლარად. აშშ-ის ნარკომანიის ადმინისტრაციის განცხადებით, ექიმებმა ისარგებლეს მეთიუ პერის მდგომარეობით, რომელსაც დეპრესიისა და შფოთვისგან თავის დახსნა სურდა და ის ფულის გამომუშავების გზად აქციეს.
DEA-ს ადმინისტრატორის განცხადებით, "არაკეთილსინდისიერი ექიმები" ყოველგვარი სამედიცინო შეფასების ან მისი მონიტორინგის გარეშე, მსახიობს დიდი რაოდენობით კეტამინს აწვდიდნენ. მათივე ინფორმაციით, Friends-ვარსკვლავს კეტამინის თითო ფლაკონში ახდევინებდნენ დაახლოებით, $2,000-ს, რომლის რეალური ღირებულებაც $12-ია.
"მაინტერესებს კიდევ რამდენს გადაიხდის ეს სულელი"
ამ შესყიდვებთან დაკავშირებით, ექიმი სალვადორ პლასენსია ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში წერს: "მაინტერესებს კიდევ რამდენს გადაიხდის ეს სულელი". ასევე, ირკვევა, რომ ექიმს სურდა პერისთვის ნარკოტიკების მუდმივი მიმწოდებელი თავად ყოფილიყო.
გამოძიებით დგინდება, რომ პლასენსიამ, როგორც ექიმმა, იცოდა ნივთიერებების უკუჩვენებები, იგი ამჩნევდა თუ როგორ იმატებდა პერის წნევა მათი მიღების დროს და ავლენდა სხვა უარყოფით თვისებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფლაკონებს მსახიობის ასისტენტთან მაინც ტოვებდა.
"კეტამინის დედოფალი"
ბრიფინგზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, DEA-ს ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ პერი ქუჩის ნარკომოვაჭრესთან მიიყვანა, რომელიც "კეტამინის დედოფლის" სახელითაა ცნობილი. მისივე თქმით, ნარკომოვაჭრე ჯასვენ სანგამ იცოდა, რომ მის მიერ მოწოდებული კეტამინი, შესაძლოა, მეთიუსთვის მომაკვდინებელი ყოფილიყო.
ბრიფინგზე გაირკვა ისიც, რომ კეტამინის სასიკვდილო პარტია მეთიუ პერის სწორედ სანგამ მიჰყიდა - 50 ფლაკონი 11 000 დოლარად.
ბრალდებულების სია
მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულების სია ასეთია:
ჯასვინ სანგჰა, ე.წ. კეტამინის დედოფალი - მას ბრალად კეტამინისა და ამფეტამინის გაყიდვა ედება.
ექიმი სანვადორ პლასენსია - ბრალად ედება კეტამინის დისტრიბუციაში მონაწილეობა, გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შეცვლა ან გაყალბება.
ერიკ ფლემინგი - ბრალად ედება კეტამინის გაყიდვაში მონაწილეობა, ასევე კეტამინის დისტრიბუცია, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. მან ეს ბრალდება აღიარა.
კენეტ ივამასა, პერის პერსონალური ასისტენტი - ბრალად ედება სხვა ბრალდებულებთან ერთად კეტამინის მოპოვებაში მონაწილეობა და ნარკოტიკის მეთიუ პერიმდე მიტანა.
ექიმი მარკ ჩავესი - მან პერისთან დაკავშირებული კეტამინის კლინიკიდან არალეგალურად მოპოვების და ექიმ პლესენსიასთვის მიყიდვის ფაქტები საპროცესო შეთანხმების ფარგლებში აღიარა.
საბრალდებო დასკვნა: "ექიმმა პერის კეტამინი საჯარო ავტოსადგომზე გაუკეთა"
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 10 ოქტომბერს, მეთიუ პერის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ბრალდებულმა დოქტორმა სალვადორ პლასენსიამ 10 ფლაკონი კეტამინი ასევე ბრალდებულ დოქტორ მარკ ჩავესისგან იყიდა, რომლის მიყიდვასაც მეთიუ პერისთვის აპირებდა.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ პლასენსიამ მეთიუ პერი და მისი თანაშემწე - კენეტ ივამასა (რომელიც ასევე ბრალდებულია) საჯარო ავტოსადგომზე გაიცნო სადაც, მანქანაში ყოფნისას, პერის კეტამინი გაუკეთა.
ორი დღის შემდეგ, პლასენსიამ მეთიუ პერის კეტამინის დიდი დოზა სახლში გაუკეთა, რამაც მსახიობის მდგომარეობის დამძიმება და მისი არტერიული წნევის საგრძნობლად აწევა გამოიწვია.
პლასენსიამ პერის თანაშემწეს უთხრა - "მოდი, ეს აღარ გავიმეოროთ", თუმცა თუმცა კეტამინის ფლაკონები ივამასასთან მაინც დატოვა, პერის ინექციისთვის.
თანაშემწის დანაშაული
საბრალდებო დასკვნით ირკვევა, რომ მეთიუ პერის თანაშემწემ, კენეტ ივამასამ, 2023 წლის 28 ოქტომბერს, მსახიობს კეტამინის ინექცია გაუკეთა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივამასას არასოდეს მიუღია სამედიცინო განათლება და არაფერი იცოდა მსგავსი ნივთიერებებით პაციენტის მკურნალობის შესახებ.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მსგავს საკითხებში ივამასას გამოუცდელობის შესახებ ექიმი სალვადორ პლასენსია კარგად იყო ინფორმირებული.
კოდური ენა
პოლიცია აცხადებს, რომ მეთიუ პერის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ კვალის დასაფარად, დამნაშავეები კოდურ ენას იყენებდნენ. ერთმანეთში საუბრისას კეტამინს ისინი Dr. Pepper-უწოდებდნენ.
წყარო: BBC