მაიმუნის ყვავილის მორიგი აფეთქება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. სიცოცხლისთვის საშიში ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი ამჯერად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც მაიმუნის ყვავილმა 500-ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა.
ვირუსული დაავადება გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში. არსებობს საშიშროება, რომ ის სხვა კონტინენტებსაც მოიცავს. მაიმუნის ყვავილი უკიდურესად გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე, მჭიდრო კონტაქტით გადადის. მაიმუნის ყვავილს ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი, ციებ-ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი.
ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, გამონაყარი სახესა და სხეულზე, ზურგისა და კუნთების ტკივილი - ეს სიმპტომები გახდა მსოფლიოში ახალი განგაშის საფუძველი. მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ყვავილი სწრაფად გავრცელდა. ინფექციას, რომელიც ახლო კონტაქტით გადადის, გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ქვეყანაში 517 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კონგოს გარდა, ინფექციური დაავადება უკვე გავრცელდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. სწორედ შემთხვევების სხვა კონტინენტებზე გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ჯანმომ განგაშის უმაღლესი დონის გამოცხადება. ინფექციონისტები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება და განგაშის საფუძველი არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.