22 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 59.3%, ენმ და მისი სატელიტები 13.1% - რომელი პარტია რჩება პარლამენტს მიღმა "გორბის" კვლევის შედეგებით

"ქართული ოცნება" - 59.3%, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები 13.1%, "ლელოს" კოალიცია და "ახალი","გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" ასევე ლახავენ 5%-იან ბარიერს - კომპანია "გორბის" საზოგადოებრივი აზრის ამ კვლევის შედეგებით, რომელიც "იმედმა" დაუკვეთა, მე-11 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ეს ოთხი პოლიტიკური ჯგუფი ხვდება. კვლევის თანახმად, რომელიც 1700 რესპონდენტის ინტერვიუს ეყრდნობა, პარლამენტს მიღმა რჩება "გახარია", "ევროპული საქართველო", იაგო ხვიჩიას "გირჩი", "პატრიოტთა ალიანსი" და "ალტ ინფო".

"გორბის" რეიტინგების არ სჯერა ოპოზიციას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კვლევის შედეგებით ბარიერს ვერ გადალახავენ. მმართველი ძალისთვის კი, რომელიც ამ კვლევით მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით მოდის, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ "ოცნებას" უკვე მე-12 წელია საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მოპოვება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შესაძლებელი იქნება. "გორბის" მიერ ჩატარებულ და შიდა პარტიულ კვლევებზე დაყრდნობით მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

"გორბის" კვლევას უნდობლობას უცხადებენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ამავე კვლევის რეიტინგებში 5%-იან ბარიერს ქვემოთ აღმოჩნდნენ.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციას მოსახლეობის მხრიდან ფაქტობრივად ნულოვანი მხარდაჭერა აქვს და "გორბის" კვლევამ რეალურად ასახა საზოგადოებაში არსებული განწყობები. სახელისუფლებო გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, ამომრჩევლების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით გამოქვეყნდა. 24 ივლისიდან - 4 აგვისტოს პერიოდში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1700 რესპონდენტი გამოიკითხა. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

დღის ამბები