საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებს მათზე ყიდდნენ, რეალურად კი, ბრალდებულებს აღნიშნული ბინები სხვა პირებზე უკვე გაყიდული ჰქონდათ.
გარდა ამისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საცხოვრებელი კორპუსის მე-10 და მე-11 სართულებზე არსებულ ბინებს ყიდდნენ, მაშინ როცა მხოლოდ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ მოპოვებული. ამ გზით ბრალდებულები 8 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 466 491 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ," - წერია განცხადებაში.