22 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
2008 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო "ნაციონალური მოძრაობის" დასჯა მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რათა მსგავსი დანაშაული არათუ აღარ ჩაიდინონ, ამისი რესურსიც არ ექნებათ - პრემიერი 

2008 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო "ნაციონალური მოძრაობის" დასჯა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რათა მსგავსი დანაშაული მომავალში არათუ აღარ ჩაიდინონ, ამისი რესურსი არ ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გაერო-ში გაკეთებულ განცხადებაზე. მედიის წარმომადგენელმა კობახიძეს მიმართა: „ოპოზიცია გაერო-ში რუსეთის მხარის გაკეთებულ განცხადებებს ეყრდნობა, თავის მხრივ, იშველიებენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას და საკუთარი დღის წესრიგი ოპონენტებმა სწორედ რუსეთის დელეგაციის განცხადებებზე ააგეს. რას გეუბნებათ თქვენ ოპოზიციის აქცენტები“.

კობახიძის შეფასებით, ნაკლებად საინტერესოა, რას ამბობს სხვა ამ თემასთან დაკავშირებით.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ ომში. უკვე ორი წელია, მათ ამის ღია მცდელობა აქვთ, ორ წელიწადზე მეტია, ამას აკეთებენ. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის დანაშაული. იგივე მიმდინარე დანაშაულთან როცა გვაქვს საქმე, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებულ იქნას ანალოგიური დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და სისრულეში მოიყვანეს 2008 წელს.

ერთი საინტერესო დეტალია, რასაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე, დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი დანაშაულის და ამ ღალატის გამო პასუხისმგებლობის, რომ ღალატის შეესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდან. წარმოიდგინეთ, რამხელა შიში ჰქონდათ იმ ღალატის გამო, რომელიც ჩაიდინეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია. დანაშაულის გამო ამ პოლიტიკური ძალის დასჯა პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი დანაშაული მომავალში არათუ აღარ ჩაიდინონ, მათ ამისი რესურსი არ ექნებათ. არცერთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი ამისთვის მათ მანდატს არ მიანიჭებს. ასეთი დანაშაულის ჩადენა რომც არ გაიფიქრონ, მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნას დანაშაული და დადგეს შესაბამისი სასჯელი ამ პოლიტიკური ძალის მიმართ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები