22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
უკრაინის ჯარი წინსვლას განაგრძობს - კრემლი საკუთარი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრს ვეღარ აკონტროლებს

რუსეთის თავდაცვის ხაზი გარღვეულია - უკრაინის ჯარი წინსვლას განაგრძობს. კურსკის ოლქში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, კრემლი საკუთარი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრს ვეღარ აკონტროლებს. ფრონტიდან მოხსნილი და კურსკში გადასროლილი ასობით ჯარისკაცი უკრაინის სამხედრო ტყვეა.

რუსეთის სარდლობის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობა წარუმატებელი გამოდგა. უკრაინელების შესაკავებლად, კრემლი წვევამდელი ასაკის 150 000 ახალგაზრდას, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ფრონტის წინა ხაზზე აგზავნის. წვევამდელებისგან შემდგარი საჯარისო ნაწილები ახლა, ქალაქ კურსკის მისადგომებთან, სანგრებს თხრიან. რუსული მედიის მონაცემებით, ახალგაზრდებში სუიციდის მცდელობები ფიქსირდება. ამის ფონზე, მოსკოვი კიევს შურისძიებით ემუქრება.

უკრაინის არმია კურსკის რეგიონში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. სახმელეთო ოპერაციის პარალელურად, საქმეში ავიაციაც ჩაერთო. გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა ნეჟეგოროდსკის, ვორონეჟისა და ბორისოგლებსკის ოლქებში მდებარე აეროდრომები დაბომბეს. ჩამოგდებულია "სუ-34" ტიპის სტრატეგიული გამანადგურებელიც. შექმნილი რთული ვითარების გამო, კურსკთან ერთად, საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდის ოლქშიც გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის გამო, ბელგოროდიდან და კურსკიდან მოსახლეობის სასწრაფო წესით ევაკუაცია მიმდინარეობს. ცნობილია ისიც, რომ რუსეთი 120 000-ზე მეტი დევნილის გადასახლებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში აპირებს, კურსკის ოლქიდან დევნილების კი აზოვის ზღვის სანაპიროზე სანატორიუმებსა და პანსიონატებში შეასახლებენ. რუსეთი უკრაინის ძალებს გაეროში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

უკრაინის მიერ რუსეთში წარმოებულ ქმედებებს ბრიუსელი და ვაშინგტონი ეხმაურება. ევროკავშირის პირველი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი უკრაინელი ხალხის გაუტეხლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა პუტინის თავდასხმას არ შეეგუა. პუტინის მდგომარეობა ბაიდენმაც შეაფასა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ ახლა ომში ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდა. რუსეთის არმიას, უკრაინასთან ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის განმავლობაში, დღეს ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები