22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ისრაელი დარტყმის, ახლო აღმოსავლეთი კი დიდი ომის მოლოდინშია

ისრაელი კვლავ დარტყმის, ახლო აღმოსავლეთი კი დიდი ომის მოლოდინშია. საქმე რომ სერიოზულადაა, ამაზე ისიც მოწმობს, რომ აშშ-მა რეგიონში უკვე გაგზავნა მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი. ვიდრე "ჯორჯია" გზაშია, პენტაგონი ადგილზე ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნის" გადაყვანასაც აჩქარებს, თავისი მოიერიშე თვითმფრინავებით. მზადყოფნაში ჰყავთ კვიპროსში მყოფი უნივერსალური სადესანტო ხომალდიც - დაძაბულობის შემთხვევაში, ადგილობრივებისა თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დინამიკაზე, რომელიც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჯერ ისევ ურთიერთბრალდებებითა და ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ირანის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსული ინფორმაციით, თეირანი და პარტნიორები ისრაელს თავს იმ შემთხვევაში დაესხმებიან, თუ ჩათვლიან, რომ მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აჭიანურებს, ან შეთანხმება ჩავარდება. 

უცნობია, რამდენ ხანს დაელოდება ირანი მოლაპარაკებების წინსვლას. დიპლომატია აქტიურ ფაზაშია. პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი უკვე იმყოფებოდა მოსკოვში და მალე ანკარაშიც ჩავა. ვაშინგტონი, პარიზი, ბერლინი, რომი და ლონდონი კი, ერთობლივ განცხადებაში, წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერენ. ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა ირანის ახალ პრეზიდენტს შურისძიებისგან თავი შეკავება სთხოვა. თეირანი თავდასხმაზე გაჩუმების თხოვნას უტიფრობას ეძახის.

იმედისმომცემად გამოიყურება ყატარის მცდელობები, რომელიც ირწმუნება, რომ მოლაპარაკებაზე "ჰამასის" წარმომადგენლობის ჩაყვანას შეძლებს, თუმცა "ჰამასი" ახლა, ლაპარაკზე მეტად, სამოქმედო გეგმას ითხოვს, იმ შეთავაზების ირგვლივ, რომელიც ჯო ბაიდენმა მაისში წარადგინა და, ისრაელელი ტყვეების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა. "ჰამასმა" უარყო, რომ ხუთშაბათის შეხვედრას დაესწრებიან, საკითხს ვაშინგტონში ეხმაურებიან, სადაც ისრაელს 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

დიპლომატიასთან ერთად, აქტიურია სამხედრო ხაზი. "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა გაისროლა. იყო სროლები "ჰამასის" მხრდანაც. ამასთან, ახლახან, "ჰამასის" ხელში დატყვევებული 1 პატიმარი მოკლეს, 2 კი დაჭრილია.

თავად ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ მტრის მოძრაობებს ყურადღებით აკვირდება ბეირუთშიც, თეირანშიც და სხვა ადგილებშიც და ქვეყანა ჩართულია როგორც საფრთხის აღმოფხვრაში, ისე - ყველა შესაძლებლობის მომზადებაში, რათა შეტევა იქ განახორციელონ, სადაც გადაწყვეტენ.

ისრაელი ირანისა და მისი პარტნიორი დაჯგუფებებისგან დარტყმის მუქარას მას შემდეგ იღებს, რაც, 27 ივლისს, გოლანის მთაზე, 12 ისრაელელის მკვლელობის გამო, ბეირუთში "ჰეზბოლას" მრჩეველი ფუად შუქრი, თეირანში კი ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე რამდენიმე საათის ინტერვალით მოკლა.

ყველაფრის პარალელურად, ისრაელი ღაზის დაბომბვას აგრძელებს. ბოლო ასეთ დარტყმას ტაბინის სკოლაში 100 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭო მოიწვიეს და ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებები მკაცრად დაგმეს.

დღის ამბები