22 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
დიპლომატიური მისიის განცხადებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ცივი წყალი გადაასხა, პარტია დღეს ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ აღმოჩნდა - სააკაშვილის ტყუილი გაბათილდა

მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ექსპრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით სასაუბროდ მზად არ არის. გიორგი ჩალაძემ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, თუ რატომ გაავრცელა სააკაშვილმა სოციალური ქსელით განცხადება, თითქოს კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე მისი საკითხი განიხილეს. ამ თემაზე საუბრისგან დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თითქმის ყველა წევრმა თავი შეიკავა.

ექსპრეზიდენტის განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა. სააკაშვილი მიესალმა თბილისში სენატორისა და კონგრესმენის ვიზიტს და მადლობა გადაუხადა, რომ, სხვადასხვა შეხვედრაზე, ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა მისი პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს.

პატიმარ სააკაშვილის განცხადებას ამერიკის საელჩოდან პასუხი მალე მოჰყვა. ოფიციალურ განცხადებაში, დიპლომატიურმა უწყებამ დააკონკრეტა, რომ, სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. განცხადებაში წერია ისიც, რომ დეზინფორმაციასა და სპეკულაციას უთანხმოებების მოგვარება არ შეუძლია.

ექსპრეზიდენტის განცხადება და საელჩოს პასუხი შეაფასეს "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებს და ამით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა სურს.

ოპოზიციის ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილმა გამიზნულად იცრუა. "გირჩში" ფიქრობენ, რომ შესაძლოა. ექსპრეზიდენტი შეცდომაში მისმა თანაგუნდელებმა შეიყვანეს და სავარაუდოდ, არ გაუმხილეს, რომ, ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს, სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ იყო. პარტიების მეორე ნაწილი მსჯავრდებულს ურჩევს, რეალობას შეეგუოს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი პატიმრობის თემით სპეკულირებს. "ქართულ ოცნებაში" ექსპრეზიდენტის მხრიდან ტყუილის გავრცელება არ უკვირთ და ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

კონგრესმენი ტერნერი და სენატორი შაჰინი თბილისში, ვიზიტით, გასულ კვირას იმყოფებოდნენ. შეხვედრები გამართეს ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან და სახელისუფლებო გუნდთან, თუმცა, როგორც ირკვევა, სააკაშვილის საკითხზე საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

დღის ამბები