22 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ინდოეთში სტაჟიორი ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობას პროტესტის ტალღა მოჰყვა

ინდოეთში, ქალაქ კოლკატას ერთ-ერთ საავადმყოფოში, სტაჟიორი ექიმი ქალის მკვლელობისა და გაუპატიურების ფაქტმა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

31 წლის ქალი ცოცხალი ბოლოს პარასკევს დილით ნახეს, როდესაც, მორიგეობის შემდეგ, საკონფერენციო დარბაზში დასაძინებლად მიდიოდა, შაბათს დილით, კი კოლეგებმა მისი ნახევრად შიშველი გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც ძალადობის ნიშნები ეტყობოდა.
მოგვიანებით, მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ საავადმყოფოს მოხალისე თანამშრომელი დააკავა.

ტრაგიკულმა ინციდენტმა ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების დაუცველობის საკითხი კვლავ წინ წამოწია. კოლკატას საავადმყოფოში მომხდარმა დანაშაულმა გამოავლინა უსაფრთხოების საგანგაშო რისკები, რომლებსაც სამედიცინო პერსონალი აწყდება ინდოეთის ბევრ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში.

RG Kar Hospital-ში, რომელიც ყოველდღიურად 3,500-ზე მეტ პაციენტს იღებს, ზოგი სტაჟიორი ექიმი, გადაბმულად, 36 საათი მუშაობს. მათ არ აქვთ დასასვენებლად ცალკე ოთახები გამოყოფილი, რაც აიძულებთ, რომ საკონფერენციო დარბაზში დაისვენონ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ეჭვმიტანილს - პრობლემური წარსულის მოხალისე მუშაკს, განყოფილებაზე, სადაც სტაჟიორი ექიმები ისვენებდნენ, უპრობლემო წვდომა ჰქონდა. ის პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე დააკავა. პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში მოხალისე მუშაკის ბიოგრაფიული წარსული არავის შეუმოწმებია.

ინდოეთს არ აქვს მკაცრი ფედერალური კანონი ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ 25 შტატს აქვს გარკვეული კანონი მათ მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ამ კანონის საფუძველზე მსჯავრდადებულები თითქმის არ არსებობენ.

2015 წელს IMA-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინდოეთში ექიმების 75% განიცდის რაიმე სახის ძალადობას სამსახურში.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღემდე 1 დღით ადრე, 14 აგვისტოს, ღამით, დაგეგმილია მარში, სადაც ათიათასობით ქალი მიიღებს მონაწილეობას. მომხდარი ტრაგედიით აღშფოთებული ექიმები გაიფიცნენ და ითხოვენ მკაცრ ფედერალურ კანონს თავიანთი უსაფრთხოების დასაცავად.

წყარო: BBC

დღის ამბები