22 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა - რა გახდა შემზარავი ტრაგედიის მიზეზი ზუგდიდში

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ დედას, ორი შვილი გარდაცვლილი დახვდა. 6 წლის ტყუპი ძმების სიცოცხლე ხანძარმა შეიწირა. ცეცხლი ზუგდიდში, ღამის 2-ის ნახევარზე 9 სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. მშობელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც არასრულწლოვანი შვილები სახლში მარტო იყვნენ.

უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე დატრიალდა. ხანძრის დროს ბინაში ოთხი არასრულწლოვანი და-ძმა იმყოფებოდა. სახლის დატოვება მხოლოდ უფროსებმა, 12-13 წლის მოზარდებმა შეძლეს.

ცეცხლის გაჩენის ოფიციალური მიზეზი მოკვლევის ეტაპზეა. მანამდე კი, შემთხვევის სავარაუდო ვერსიაზე კამერებთან მეზობლები საუბრობენ. როგორც ჰყვებიან, ოჯახს ელექტროენერგია, დავალიანების გამო, გათიშული ჰქონდა და სახლში სანთელი ენთოთ, რაც საბოლოოდ ხანძრის მიზეზი გახდა. მრავალშვილიანი ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა.

არასრულწლოვანები, რომლებმაც ხანძრის დროს ბინიდან გამოსვლა შეძლეს, მსუბუქი ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს.

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გამოეხმაურნენ. სადაც განმარტეს, რომ ხანძრის მსხვერპლი ბავშვები 2018 წლიდან 2023 წლის აპრილამდე მინდობით აღზრდაში იყვნენ. ამის შემდეგ კი, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. ნათქვამია ისიც, რომ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული და 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. დახმარება ყოველთვიურად 1500 ლარს შეადგენდა.

 

დღის ამბები