22 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ორი დღეა საბერძნეთი სტიქიას ებრძვის - დაკვამლიანების გამო ათეულობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ორი დღეა საბერძნეთი სტიქიას ებრძვის. ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკვამლიანების გამო ათეულობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ათენის ჩრდილოეთით მდებარე უბნებიდან მოსახლეობის სასწრაფო წესით ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავთ. ევაკუაციის პარალელურად ორიათასი მეხანძრე და სამხედრო სტიქიის ლოკალიზებას ცდილობს. ათენის ცაზე ოცდათორმეტი თვითმფრინავია მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო სპეც ტექნიკას ხილვადობის არეალი შეზღუდული აქვს, რაც ქრობის პროცესს აფერხებს.

ათენის მახლობლად მდებარე სოფლებში ხანძრის ოცდაათამდე კერა გაჩნდა. განადგურებულია ასეულობით საცხოვრებელი სახლი და სასოფლო მეურნეობები. სოფლების ნაწილში სტიქიის ლოკალიზების შემდეგ მოსახლეობა საკუთარ გადამწვარ საცხოვრებელს უბრუნდება.

წელს საბერძნეთის ტერიტორიაზე ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ალის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 25 მეტრს აღწევდა. მთავრობის მიერ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე ევროკავშირმა სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლიც კი აამოქმედა. საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში შვიდი ქვეყანა ეხმარება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

 

დღის ამბები