22 ნოემბერი 2024,   04:07
ვრცლად
"შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზებს ეხება

საქართველოს მიმართ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები საეჭვო და ნაჩქარევი დასკვნებით არის გამოწვეული - ვრცელ ანგარიშს შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტი აქვეყნებს. კვლევა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზებს ეხება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაზრდილი ორმხრივი ვაჭრობა, სავაჭრო ნაკადების პოზიტიური ცვლილებებით არის გამოწვეული და არა სანქციების გვერდის ავლის მიზეზით.

კვლევის მიხედვით, საქონლის სახეობები, რომლის ექსპორტსაც საქართველო რუსეთში ახორციელებს - უვნებელია. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველო-რუსეთის ვაჭრობის დეტალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ექსპორტი ძირითადად საკვები და სასმელი პროდუქციაა. შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტს ბიზნეს წრეებმა დაუდასტურეს, რომ რუსეთში ქართული ექსპორტის დაფიქსირებული ზრდა თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს სანქციების გვერდის ავლად, რადგან ქართული ექსპორტი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა.

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებითაც წერს, რომ სხვა შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდებოდა ვიდრე რუსეთის. სხვადასხვა ქართული წყარო SIGA-ს უდასტურებს, რომ ქართული საბაჟო ზედმიწევნით ამოწმებს ყველა ტრანზიტულ საქონელს, რომ ვაჭრობა სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული. გამოცემაში მოყვანილია შემთხვევები, როდესაც ქართულმა საბაჟომ უარი თქვა საქონლის ტრანზიტზე საქართველოს გავლით და ტვირთი უკან გააბრუნა.

შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის ანგარიშის მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე - საქართველოს ტერიტორია, სანქცირებული პროდუქტის რუსეთში შეტანისთვის გამოიყენებოდეს. მმართველ გუნდის წევრები კი ოპონენტებს, სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების თბილისში ვიზიტს ახსენებენ. სპეციალური ჯგუფის ვიზიტის შემდეგ მკაფიოდ ითქვა, რომ სანქციების გვერდის ავლის კუთხით, საქართველოში არცერთი დარღვევა არ ფიქსირდება.

შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტი მხარს უჭერს, ხელს უწყობს და ატარებს მულტიფუნქციურ კვლევებს გეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ამ მიზნით, ინსტიტუტი აწყობს ღონისძიებებს, ლექციებს, სასწავლო კურსებს და ამუშავებს პუბლიკაციებს.

 

დღის ამბები