22 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება - მმართველი გუნდისთვის ტალიავინის დასკვნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია

მმართველი გუნდისთვის ტალიავინის დასკვნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. "ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს სახელით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებების გამართლება ვერც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა მოახერხა და აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია უცვლელი დარჩა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს უმაღლესი მანდატით აგროვებდა და დასკვნას რუსეთთან ერთად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაც დაეთანხმა.

საზოგადოების ინფორმირებაა მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი უნდა იყოს. სახელისუფლებო პარტიის წევრები მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს მოღალატეობრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა რუსეთისთვის ხელსაყრელი ნიადაგის მომზადება.

საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებენ ყოფილი ხელისუფლების წევრები აგვისტოს მოვლენებზე ახლიდან საუბარს. "ნაციონალურ მოძრაობაში" არც ამ მოვლენების შინაარსობრივი განხილვაში შედიან.

საერთაშორისო სასამართლოებში მიღწეული წარმატება "ქართულ ოცნებას" კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს უჩენს. მაშინ, რატომ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ომიდან 2 თვეში ევროსაბჭოს სადავო რეზოლუციას მხარი. რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას და მათი ქმედებით რატომ გამოცხადდა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულად. პოლიტსაბჭოს განცხადებაში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისთვის ომთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტები 16 წლის წინ გავლილ დასკვნებად დარჩა. ამბობენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერასაც და ტალიავინის დასკვნაზე თანხმობასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში წერია ისიც, რომ საქართველოს ორივე კონფლიქტურ რეგიონში სააკაშვილის ქმედებები პროვოკაციული იყო. იხსენებენ იმ ინციდენტებს, რომელიც, მათივე თქმით, 2004 წლიდან დაიწყო და ტალიავინის დასკვნის მიხედვით უკვე 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალზე განხორციელებული შეტევის შედეგად რუსეთს საქართველოში შემოსვლის საფუძველი მისცა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭო თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულს სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეებმა კონსტიტუციის და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი და მნიშვნელოვანია საჯარო სამართლებრივი პროცესის გამართვა.

დღის ამბები