22 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერიტორიების 22%-ის დაკარგვასა და ადამიანების დაღუპვაზე" - გიორგი გაბუნია

"ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა იმისა, რომ აგვისტოს ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ავანტურისტულ და გაუთვლელ პოლიტიკასთან ერთად, ასევე გამხდარიყო რომელიმე უცხოური გავლენიანი ძალის წახალისების, ან ინსპირაციის საგანი." - განაცხადა საზოგადოება "ქართულის" ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ.

საზოგადოება "ქართულის" დამფუძნებელი აგვისტოს ომის გამოძიების თემაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს:

"16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომიდან, რომლის შედეგად საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 22% დროებით დაკარგა, ხოლო ძირძველი ქართული მიწებიდან გამოდევნილ იქნა 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე, დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე ცდილობენ ურცხვად, მოიხსნან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, აგვისტოს ომის დანაშაული საზოგადოების თვალში საკუთარ გამარჯვებად გაყიდონ.

დღეს, როდესაც რუსეთი უკვე ორ წელზე მეტია აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინაში და ვხედავთ, თუ გარედან როგორი ზეწოლაა ჩვენს ქვეყანაზე მეორე ფრონტის გასახსნელად, ამ ფონზე, ნათლად ჩანს რუსულ-ქართული ომის მაშინდელი გარე პოლიტიკური სარჩული. ასევე, მთელი სიცხადით ჩანს მაშინდელი ხელისუფლების ინფანტილიზმი, უგუნურება და იმპულსური, ქაოტური გადაწყვეტილებების მთელი წყება, რაც აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. რუსეთი დაგვესხა თავს, მაგრამ მაშინდელმა რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენითა და ადმინისტრაციის შექმნით, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით და პროვოკაციაზე აყოლით მრავალი საბაბი მისცა რუსეთსა და სეპარატისტებს ოკუპაციისთვის.

სამწუხაროა, რომ ეს საკითხი აქამდე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების საგანს წარმოადგენდა და საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, გაეგო სიმართლე მაშინდელი ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

დღევანდელი გადასახედიდან, როცა საქართველოს მეორე ფრონტში ჩართვის რეალური საფრთხეები არსებობს და დიდი ზეწოლა იგრძნობა გარედან, 2008 წლის ტრაგიკული ომის მიზეზების გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა იმისა, რომ აგვისტოს ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ავანტურისტულ და გაუთვლელ პოლიტიკასთან ერთად, ასევე გამხდარიყო რომელიმე უცხოური გავლენიანი ძალის წახალისების, ან ინსპირაციის საგანი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერიტორიების 22%-ის დაკარგვასა და ადამიანების დაღუპვაზე, ათასობით ადამიანის ხელახალ დევნილობაზე.

რუსული ოკუპაციის მიუხედავად, გვწამს, რომ საქართველო საბოლოოდ დაძლევს ყველა სიძნელეს და დადგება დრო, როდესაც ღირსეულად წარვსდგებით ერთიან ევროპულ ოჯახში," - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

დღის ამბები