22 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დახურულია - ცერემონიის სცენარი, ბოლო წუთებამდე, გასაიდუმლოებული იყო

პარიზის ოლიმპიური თამაშები დახურულია - 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის სცენარი, ბოლო წუთებამდე, გასაიდუმლოებული იყო. ღონისძიების დაწყებისას, ყველასთვის მოულოდნელად, სტადიონის თაღიდან ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ კრუზი გადმოფრინდა, გულშემატკივრებს გადაუფრინა და შტატების ნაკრების ოქროს მედალოსანს დროშა გამოართვა. ლოს ანჯელესის 34-ე ოლიმპიადამდე ზუსტად 1434 დღეა დარჩენილი და ის 2028 წლის 14 ივლისს გაიხსნება.

ოლიმპიური თამაშები პარიზში, სტად დე ფრანსის სტადიოზე, ოფიციალურად დაიხურა. გახსნის მსგავსად დახურვის ცერემონიაც გრანდიოზული იყო. დასაწყისში, ოლიმპიადის მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის დროშებით ხელში გაიარეს. ცერემონიაზე, საქართველო გენო პეტრიაშვილმა წარადგინა.

ღონისძიების ორგანიზატორი რეჟისორი თომას ჯოლი იყო. სტად დე ფრანსზე ცერემონიას 10 ათასზე მეტი სპორტსმენი ესწრებოდა, გულშემატკივართა რაოდენობამ კი 71 ათასს გადააჭარბა.

შოუს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა "ოქროს ვოიაჟერი" იყო, რომელმაც საბერძნეთს მიაგო პატივი, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელს.

ფრანგმა პიანისტმა და ოპერის მომღერალმა ბენჟამინ ბერნჰაიმმა ჰიმნი სახელად "აპოლონისთვის" შეასრულა. მოგვიანებით, სცენაზე ფენიქსიც გამოჩნდა.

მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი იყო ტომ კრუზის შთამბეჭდავი გამოსვლა. ჰოლივუდის ვარსკვლავი სიმაღლიდან დაეშვა, ოლიმპიური დროშა ამერიკელ ტანმოვარჯიშეს, სიმონ ბაილსს გამოართვა, მოტოციკლზე დაჯდა და სტადიონი ხალხის ოვაციების ფონზე დატოვა, დროშა კი მომდევნო ოლიმპიადის ქალაქში - ლოს ანჯელესში წაიღო.

ცერემონიის ფინალის შესრულების პატივი ამერიკელ არტისტებს - სნუპ დოგს, ბილი აილიშს და როკ ჯგუფ "რედ ჰოტ ჩილ ფეფერსს" ხვდათ წილად. მუსიკოსებმა პარიზსა და ოლიმპიადას ლოსანჯელესიდან უმღერეს.

გულშემატკივარი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 4 წლით დაემშვიდობა.

დღის ამბები