საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სახალხო დღესასწაული დიდგორის ველზე - 12 აგვისტო - თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დღე, ტრადიციულად, მასშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მთავრობის მეთაურმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ 903 წლის წინ მოპოვებული "ძლევაი საკვირველი" მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
სახალხო ზეიმზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმაც. ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ტრადიციულად, გაიმართა დაჯილდოებაც. თავდაცვის მინისტრმა 8 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლით - "დიდგორის ჯვარი" დააჯილდოვა. სამხედროებს მედლები საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისთვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის გადაეცათ.
ოფიციალური ღონისძიებების გარდა, დიდგორის ველზე, ტრადიციულად, მოეწყო შეჯიბრი სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენაც დაათვალიერა და დიდგორის ველზე შეკრებილებს ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა.
სახალხო დღესასწაულზე თეატრალიზებული დადგმები, ფოლკლორული ნომრები, კულინარიული წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები დილიდან მიმდინარეობდა.
დღემ მასშტაბური ღონისძიებების ფონზე ჩაიარა. სახალხო დღესასწაულის დასასრულს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა საქართველოს დროშებით ბრძოლის თარიღი - 1121 გამოსახეს, მემორიალთან კი, საქართველოს სახელმწიფო დროშა გაშალეს.