22 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
კორუფცია, ძვირადღირებული საჩუქრების მოთხოვნა, 300 000-დოლარიანი კონტრაქტი ცოლის კომპანიისთვის - "ქართული ოცნების" კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კანონმდებლის შავ საქმეებზე ინტერნეტსივრცეში არაერთი სტატია იძებნება

კორუფცია, ძვირადღირებული საჩუქრების მოთხოვნა, 300 000-დოლარიანი კონტრაქტი ცოლის კომპანიისთვის - ეს კონგრესმენ მაიკ ტერნერის ახლო წარსულია, რომლითაც მან თავი ამერიკელ ამომრჩეველს დაამახსოვრა. "ქართული ოცნების" კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კანონმდებლის შავ საქმეებზე ინტერნეტსივრცეში არაერთი სტატია და განცხადება იძებნება. მათ შორისაა კონგრესის ყველაზე კორუმპირებული წევრების სია, რომელშიც ტერნერს საპატიო ადგილი უკავია. კონგრესმენი ცნობილია თავისი ძვირადღირებული სადილებითაც, რომლის თანხასაც დონორებს ახდევინებს. ამას გარდა, ტერნერმა სახელი გაითქვა დემოკრატი ოპონენტის მისამართით რასისტული გამონათქვამებითაც. კონგრესმენ ტერნერის შესახებ დაწერილი სტატიები ოპოზიციისთვის სარწმუნო არაა, "ქართული ოცნებისთვის" კი კრიტიკა იმ პოლიტიკოსისგან,  რომლის რეპუტაციაც საეჭვოა - ანგარიშგასაწევი აღარაა.

კონგრესმენი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საუბრობს მაიკ ტერნერია. საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილ ამერიკელ პოლიტიკოსზე მმართველი გუნდი ამბობს, რომ დაზიანებული რეპუტაციის მქონე კონგრესმენისგან კრიტიკა მიუღებელია. ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორუფციასთან ტერნერის კავშირებზე ინფორმაცია ღია წყაროებშიც ხელმისაწვდომია.

მაიკ ტერნერის შესახებ ინტერნეტში არაერთი სტატია იძებნება, სულ ბოლო კი ამ წლის თებერვლით თარიღდება. ტერნერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება რესპუბლიკელი პალატის წარმომადგენელმა მოითხოვა. ენდი ოლგსი გამოძიებას მოუწოდებს, დაინტერესდეს დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარით, რადგან, ოლგსი მიიჩნევს, რომ ტერნერი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებასა და არარეფორმირებული კანონის მიღებას ცდილობს. რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი ტერნერის ამ პოზიციას ამერიკელი ხალხის გარდაუვალი საფრთხის წინაშე დაყენებას უწოდებს.

მაიკ ტერნერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ეს მხოლოდ პირველი შემთხვევა არ არის. ისევ ინტერნეტწყაროებიდან, ირკვევა, რომ ტერნერის ოპონენტები სამართლებრივ რეაგირებას კონგრესმენის მხრიდან სავარაუდო კორუფციასთან კავშირზე ითხოვდნენ.

საუბარია, 2008-2010 წლებში მომზადებულ ანგარიშებსა და სტატიებზე, რომლებშიც ამერიკელი პოლიტიკოსი ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენთა 24-კაციან სიაში მოხვდა. გავრცელებული მასალების მიხედვით, ტერნერის შესახებ გამოძიებას შტატებისთვის იუსტიციის დეპარტამენტი და კონგრესის ეთიკის ოფისიც აწარმოებდა. მიზეზი რამდენიმე სახელდებოდა - ერთი - მისი ცოლის კომპანიისთვის 300 000 დოლარის ღირებულების კონტრაქტის ტენდერის გარეშე გაფორმება და ასევე - დონორების მიერ მისი პირადი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხები - მაგალითად,სარესტორნო მომსახურებისთვის გახარჯული 70 ათასამდე დოლარი.

მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფციასთან კონგრესმენის კავშირზე არაფერი სმენიათ.

კორუფციაში დადანაშაულებული კონგრესმენისგან კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის წევრებმა თბილისში მაიკ ტერნერის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებებიც გაიხსენეს და თქვეს, რომ კონგრესმენის პოზიცია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ დღეს მედიასთან თქვა, რომ ამ საკითხზე კონგრესმენ ტერნერთან და სენატორ შაჰინთან პირისპირ შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დღის ამბები