გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა უგანდის დედაქალაქში - კამპალაში მდებარე ერთადერთი ნაგავსაყრელიდან ნაგვის "ზვავი" კვირას, გვიან ღამით ჩამოწვა - მაშინ, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ეძინა. "წითელი ჯვრის" წარმომადგენლის თქმით, მაშველები გადარჩენილებს ეძებენ.
ჩამოწოლილი ნაგვის მასიდან, სულ მცირე, 14 ადამიანი გადაარჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადამიანთა ნაწილი, შესაძლოა, ჩამოწოლილი მასის ქვეშ იყოს, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
რამდენიმეკვირიანი წვიმების შედეგად, დედაქალაქში მდებარე ერთადერთი ნაგავსაყრელიდან ნაგვის უდიდესი რაოდენობის მასა "ჩამოწვა" და ახლომდებარე სახლები მოიყოლა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების გამოსახლებისა და საქმეზე გამოძიების ბრძანება გასცა.
ნაგავსაყრელს, რომელსაც კიტეზის უწოდებდნენ, ერთადერთ ნაგვის პოლიგონად, კამპალაში მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყენებდნენ, რის შემდგომაც ის დიდ "ნაგვის გორაკად" იქცა.
წყარო: CNN