22 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ამერიკული დელეგაცია საქართველოში - რა გზავნილები აქვთ ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს

მთავრობის ადმინისტრაციაში სტუმრები შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 12:00 საათზე მივიდნენ. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თითქმის საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ. საუბრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივ თანამშრომლობაში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე, სენატორსა და კონგრესმენს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და გაჯანსაღება.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლეს. ირაკლი ჩიქოვანთან საუბრის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები იყო. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მანამდე კი სენატორი და კონგრესმენი არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი წინასაარჩევნო გარემო და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იყო.

სახელისუფლებო გუნდში იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სამართლიან შეფასებას მისცემს. მმართველ პარტიაში ყურადღებას იმ პროგრესზე ამახვილებენ, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში, არაერთი მიმართულებით აქვს.

დღის ბოლოს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში სენატორმა და კონგრესმენმა პოლიტიკოსებისთვის მიღება გამართეს, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეზიდენციაში გამართულ მიღებას ესწრებოდა მმართველი გუნდი.

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

დღის ამბები