22 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
რა გახდა კენიური ბაობაბების გახმობის მიზეზი - დენდროლოგიური პარკის დირექტორის პირველი კომენტარი

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე პარკს, ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით გახსნილი, უნიკალური მწვანე სივრცე 60 ჰექტარზეა გაშენებული. სანახაობა გულგრილს არავის ტოვებს. პარკში სადაც ფლორისა და ფაუნის ჰარმონიული ნაზავი გვხვდება, ვიზიტორებს ადგილობრივი, ენდემური და უცხოური მცენარეების ნახვის შესაძლებლობა აქვთ. პარკი ასევე მსოფლიოს ყველა კონტინენტის, 58 სახეობის უიშვიათეს ფრინველსა და ცხოველს აერთიანებს. 

დენდროლოგიურ პარკში დარგულია საუკუნოვანი ხეები, რომლის გადმორგვაც მანამდე ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. კენიური ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა გაავრცელა. დღეს კი პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა პარკის დირექტორმა. პაატა სულაბერიძე ამბობს, რომ ხეების გახმობის მიზეზი ტრანსპორტირებისას შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები გახდა, რაც თავის მხრივ პარკის წინააღმდეგ მისი შექმნის დღიდან ოპოზიციის, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ამავე კამპანიის ფარგლებში თითქმის ორი წლის განმავლობაში ბაობაბებთან დაკავშირებით დავა კენიაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში კი ბაობაბის ხეები შეუსაბამო პირობებში იყო. კენიის სასამართლოში დავა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, როგორც პარკის დირექტორი ამბობს შექმნილი ხელოვნური ბარიერების და არასათანადო პირობებში ხანგრძლივად ყოფნის გამო, რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოტანიდან ექვს თვეში გახმა.

ბრალდების ადრესატები, რომლებიც ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ, დღეს საკითხზე ვრცლად არ საუბრობენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციამ და კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ორგანიზებული კამპანიებით საზოგადოებრივი ინტერესი მიზანმიმართულად დააზიანეს, მათივე ხელშეწყობით პროცედურები გაჭიანურდა, რის გამოც ხეების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ბაობაბის ხეების ტრანსპორტირება რომ წლების წინ შეფერხების გარეშე მოხდა, საუბრობენ ექსპერტებიც. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პროცესების ამგვარად განვითარება, ოპოზიციის მხრიდან ატეხილმა აჟიოტაჟმა განაპირობა.

დენდროლოგიური პარკი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. პარკს მხოლოდ ბოლო ორ-სამ წელიწადში, ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა.

 

დღის ამბები