22 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
საქართველო სპორტული სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში ისევ ექცევა - თბილისი და ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

საქართველო სპორტული სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში ისევ ექცევა. თბილისი და ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება. 9-დან - 16 თებერვლის ჩათლით, ქვეყანაში 2000-მდე სტუმარი ჩამოვა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში 1000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურა უკვე ეწყობა. პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. მოედანთან ერთად მოეწყობა სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, დასასვენებელი და სამედიცინო ოთახები. ამ დროისთვის, მონტაჟდება გაგრილების სისტემები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ყინულის სასახლის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვას, ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე შეისწავლა ჩეხეთისა და თურქეთის ყინულის მოედნები, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის ჰოკეის ფედერაციის წარმომადგენლებთანაც.

ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა რომ ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, საუბრობენ მთის ტრასების სააგენტოშიც.

ოლიმპიური ფესტივალი - "ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სამთავრობო კომისია. მთავრობის განკარგულებით, სამუშაო ჯგუფი ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების კოორდინაციასა და სხვადასხვა საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციას, მთავრობის ადმინისტრაცია შეასრულებს.

დღის ამბები