22 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
რატომ გახმა კენიიდან გადმორგული ბაობაბის ხეები - ვის ადანაშაულებს დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია

დენდროლოგიურ პარკს ყოველდღიურად ასობით ვიზიტორი ჰყავს. სტუმრების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით იზრდება. უნიკალური მწვანე სივრცე, რომელიც დაბა შეკვეთილში 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიხსნა, 60 ჰექტარზეა გაშენებული.

ფლორისა და ფაუნის ჰარმონიული ნაზავი - ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და უცხოურ მცენარეს, მსოფლიოს ყველა კონტინენტის, 58 სახეობის უიშვიათეს ფრინველსა და ცხოველს აერთიანებს. პარკში შეხვდებით საუკუნოვან ხეებს, რომლის გადმორგვაც მანამდე ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა.

დენდროლოგიურ პარკში ბაობაბები გახმა. ამის შესახებ დენდროლოგიურმა პარკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში წერია, რომ მიზეზი ხეების ტრანსპორტირებისას შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები გახდა, რაც თავის მხრივ პარკის წინააღმდეგ მისი შექმნის დღიდან ოპოზიციის, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას უკავშირდება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ამავე კამპანიის ფარგლებში თითქმის ორი წლის განმავლობაში ბაობაბებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა კენიაშიც. აღნიშნულ პერიოდში კი ხეები შეუსაბამო პირობებში იყო. განცხადების მიხედვით, კენიის სასამართლოში დავა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შექმნილი ხელოვნური ბარიერების და არასათანადო პირობებში ხანგრძლივად ყოფნის გამო რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოტანიდან ექვს თვეში გახმა.

ადრესატები ბრალდების შინაარსში არ შედიან. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებიც ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ადრე მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ, დღეს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის შედეგად, პროცედურების გაჭიანურებამ საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი ინტერესი დააზიანა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ პროცესში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უშუალოდ სალომე ზურაბიშვილიც იყო ჩართული.

ბაობაბები საქართველოში ადრეც ჩამოუტანიათ. ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიციისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ხეების ტრანსპორტირება ამ შემთხვევაშიც სრულიად კანონიერად ხდებოდა, თუმცა პროცესის შეფერხებას ისინი ყველანაირი ხერხითა და დეზინფორმაციით ცდილობდნენ.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ათასობით მოქალაქესა და ვიზიტორს გახსნის დღიდან უფასოდ მასპინძლობს. საქართველოში ის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

დღის ამბები