საქართველოში პირველად, სტიქიური მოვლენების და ამინდის პროგნოზირების თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. ფინეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლეს სისტემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟებს. ახალი ტექნოლოგიები მაქსიმალურად შეამცირებს ბუნებრივი კატასტროფების დროს ინფორმაციის წინასწარი შეტყობინებისა და გავრცელების პროცესს.
ბუნებრივი კატასტროფების დროს ზიანის მაქსიმალური შემცირებაა იმ მასშტაბური კვლევის მიზანიც, რომელსაც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში წამყვან შვეიცარულ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი კავკასიონის მყინვარებზე რისკის ზონების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას გულისხმობს. ამ მასშტაბის კვლევითი სამუშაოები საქართველოში პირველად ტარდება.
შვეიცარული კომპანია "ჯეოტესტის" ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ერთად, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენით დაათვალიერა. აერო გადაღებების საფუძველზე მოხდება პოტენციური საფრთხეების დეტალური გაანალიზება. კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგის სისტემები დაინერგება. ამ დრომდე გაწეული სამუშაოები უცხოელმა ექსპერტმა გარემოს დაცვის მინისტრსა და უწყების ხელმძღვანელობას პირადად გააცნო.
კავკასიონის მასშტაბური კვლევის სამიზნეა 22 მყინვარული ხეობა, სადაც გლობალური დათმობის შედეგად შესაძლოა არსებობდეს მეწყრული პროცესების განვითარების რისკი. კავკასიონის მყინვარებზე საერთო სურათის გამოვლენისა და ცხელი წერტილების იდენტიფიცირების პროცესში აქტიურადაა ჩართული კომპანია "გეოგრაფიკიც".
მყინვარების დნობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ბოლო შემთხვევა შვეიცარიაში მოხდა, სადაც მაგიას ხეობაში მყინვარის დნობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. შვეიცარიის სამხრეთით მოულოდნელმა სტიქიამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი ახლაც დაკარგულად ითვლება.