20 წლის ჯარისკაცი, რომელსაც შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე - "რუსთავი 2" კიდევ ერთი გმირის ისტორიას გაგაცნობთ, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში მოჰყვა. უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა, მათ შორის იყო 20 წლის ირაკლი ჯანელიძე.
"რუსთავი 2" შინდისის გმირის მამას, ვაჟა ჯანელიძეს ესაუბრა. როგორც ბატონი ვაჟა იხსენებს, ირაკლი 2006 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის ასაკში კი - 2006 წლის აგვისტოში, კოლეჯი არც დაუმთავრებია, ისე წავიდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
გმირის მამა იხსენებს, რომ ირაკლის ბავშვობაში სწავლა უყვარდა, შემდგომ კი, როცა სამხედრო მოსამსახურე გახდა, დიდი მიზნები გაუჩნდა. ამასთან, ვაჟა ჯანელიძე ამბობს, რომ შვილის გადაწყვეტილება, გამხდარიყო ჯარისკაცი, გვიან გაიგო
"ჩვეულებრივი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სპეტაკი სპეტაკი ადამიანი იყო.
სამხედრო სამსახური რატომ აირჩია არ ვიცი, მშობლებმა ამის შესახებ 2 თვის შემდეგ გავიგეთ, რომ კონტრაქტი ჰქონდა. მერე რაღას ვიზამდი... არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება, რატომ მიიღო. ალბათ მეგობრებმა ერთად მოილაპარაკეს.
რაც სამხედრო მოსამსახურე გახდა, დიდ იმედებს ამყარებდა, დიდი მიზნები გაუჩნდა. რომ ვეკითხებოდი, ასე რამ შეგაყვარა ჯარისკაცობა-მეთქი, მეუბნებოდა - აბა, სად უნდა წახვიდეო?! - სამხედრო სამსახური არის კაცური საქმეო," - ამბობს ვაჟა ჯანელიძე.
ვაჟა ჯანელიძე იხსენებს, რომ აგვისტოს ომის დროს, სახლში არ ყოფილა, იმ პერიოდში საჩხერეში მუშაობდა და მისთვის არავის გაუმხელია, რომ ირაკლი ომი წავიდა. მამა შვილს ძირითადად ტელეფონზე ესაუბრებოდა.
"საჩხერეში ვმუშაობდი. ისე დაიწყო ომი, მე 3 დღის შემდეგ გავიგე, არ მქონდა სამსახურის გამო ინფორმაცია. ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებოდი და სულ გვამშვიდებდა. ბოლოს, 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ველაპარაკე. ვკითხე, სად ხარ, ცუდ ამბებს აცხადებენ-მეთქი. პანიკას ნუ აჰყვები, პოზიციებზე ვდგავართ და მალე, 2-3 ჩამოვალო. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი. ამის შემდეგ, ვეღარ ვუკავშირდებოდით. 11-ში, 12-ში, 13-ში რომ აღარ დარეკა, უკვე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი აღარ იყო...
ირაკლი ისეთი იყო, ყოველ წუთს მირეკავდა, როცა ახერხებდა, მაგრამ 11-ში რომ შეწყდა მისი ზარი, მე იმ წამსვე მივხვდი, რაც მოხდა, არ არსებობდა მას არ დაერეკა, ცოცხალი რომ ყოფილიყო," - აცხადებს გმირის მამა.
ვაჟა ჯანელიძე ახლა საკუთარი შვილის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს. შინდისის გმირის მამა გვიზიარებს იმ განცდებს, თუ რა გრძნობაა გმირის მამობა?
"ერთადერთი რაც მანუგეშებს არის ის, რომ საქართველოსთვის დაიღუპა და არა რამე ჯანმრთელობისთვის მავნე დამოკიდებულების გამო. 19 აგვისტოს გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ ქუთაისში. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრება დასრულებულია. იმისთვის ვცოცხლობ, რომ მის ტყუპ დებს, ჩემს ქალიშვილებს მივაქციო ყურადღება," - ამბობს ვაჟა ჯანელიძე.
ირაკლი ჯანელიძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით - "მხედრული მამაცობისთვის" და, ასევე, მედლით- "სამშობლოსათვის თავდადებული".