ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალია. სოციალური ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაჭრილების გადარჩენას, სასწრაფოს მისვლამდე, გამვლელები ცდილობდნენ.
დანაშაული, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ღამის 10 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ფაქტს ბევრი მოწმე ჰყავს, 112-ში სწორედ ერთ-ერთმა გამვლელმა დარეკა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები რესტორნის თანამშრომლები არიან, რომლებმაც სამუშაო საათები დაასრულეს, ტაქსი გამოიძახეს და გარეთ გავიდნენ. რამდენიმე წამში კი თვითმხილველებმა 10-მდე გასროლა გაიგეს. დაინახეს, როგორ დაეცა სამი ახალგაზრდა ძირს, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა არეში, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდათ.
რესტორანი, სადაც სამი ახალგაზრდა მუშაობდა დღეს დალუქულია. "კურიერის" ინფორმაციით, პირი რომელმაც ცეცხლი გახსნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის უმისამართოდ ისროდა.
დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები ძირითადად ქვედა კიდურებზე აქვთ.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, პოლიცია დილამდე მუშაობდა. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებები უკვე ამოიღეს, მათ შორის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარების და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.