ავსტრიაში განგაშის უმაღლესი დონე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ექსტრემისტების სამიზნე ამჯერად ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის ვენაში დაგეგმილი ტურნე გახდა. ავსტრიის დედაქალაქში მომღერლის სამი კონცერტი იყო ჩანიშნული, რასაც ჯამში 190 ათასი გულშემატკივარი უნდა დასწრებოდა. ხელისუფლების მოთხოვნით, ყველა კონცერტი გაუქმებულია.
ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურმა ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ამერიკის დაზვერვიდან მიიღო. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულია 19 წლის მამაკაცი, რომელსაც სახლში ბომბის დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩნდა. მასთან ერთად ვენაში დააპატიმრეს ტერაქტის სავარაუდო თანამონაწილე 17 წლის მოზარდიც. აფეთქება, გულშემატკივრებით სავსე "ერნსტ ჰაპელის" სტადიონთან იგეგმებოდა.
მედიის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილის რადიკალიზაცია ინტერნეტის მეშვეობით, დახურულ ჯგუფებში მოხდა. ის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში მოიაზრება.
ვენაში დაგეგმილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ავსტრიის კანცლერიც. კარლ ნეჰამერი წერს, რომ დასავლეთში ბევრი ქვეყანა ისლამისტური ტერორიზმის სამიზნეა.
ვენაში აღკვეთილი მასშტაბური ტერაქტის ფონზე, დაზვერვის მონაცემებს სწავლობენ ლონდონშიც, სადაც ტეილორ სვიფტს მრავალათასიანი კონცერტები 15-დან 20 აგვისტომდე, უემბლის სტადიონზე აქვს დაგეგმილი. თავად პოპ-ვარსკვლავი ავსტრიაში ტურნეს გაუქმებას ჯერ არ გამოხმაურებია.