22 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
უკრაინის სახმელეთო ოპერაცია ოკუპანტი მეზობლის ტერიტორიაზე - რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. კრემლმა, ორ ღამეში კურსკის რეგიონში, კონტროლი 12 დასახლებულ პუნქტზე და ქალაქ სუჯას ნაწილზე დაკარგა. მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჯარისო ნაწილებმა კონტროლი საერთო ჯამში 350 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე დაამყარეს.

კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონიდან ევაკუაციას საკუთარი ძალებით ცდილობს. ოფიციალური მონაცემებით, იერიშებს ამ დროისთვის ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 35, ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რთული ვითარებაა სუჯაში. ქალაქში, რომელშიც 5 000 ადამიანი ცხოვრობს, გათიშულია ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და კავშირგაბმულობა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მოსახლეობა ავტომაგისტრალებზეა გამოსული და კონფლიქტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, უკრაინულ საჯარისო შენაერთებს ქვეყნის სიღრმეში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე ჩასული სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ვიტალი ზარუბნი ამბობდა, რომ სიტუაციას რუსეთის არმია აკონტროლებს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის 11 დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი. ქალაქ სუჯას ნახევარი დაიკავეს და ალყაში მოაქციეს ოლქში არსებული რუსული ჯარის სარეზერვო ნაწილები. ოფიციალური მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

კომენტარები გაკეთდა ვაშინგტონში და ბრიუსელში. ამერიკა და ევროკავშირი მიმდინარე მოვლენებში საკუთარ საგარეო პოლიტიკასთან წინააღმდეგობას ვერ ხედავს და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. უკრაინის ჯარის წარმატებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, უფრო კონკრეტულად არაფერი უთქვამს. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ეს ზელენსკის მიერ შერჩეული ე.წ. დუმილის სტრატეგიის მიდგომის ნაწილია, რომელიც მოულოდნელობის ეფექტით, ქმედების საშუალებას იძლევა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები