ტკივილი, რომელიც 16 წლის შემდეგაც არ განელებულა - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ.
ემოციების შეკავება რთული იყო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირის - გიორგი ანწუხელიძის ოჯახისთვის. 2008 წლის 9 აგვისტოს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩავარდნილმა მტრის წინაშე არ დაიჩოქა და სამშობლოს სიყვარულზე უარი არ თქვა. გიორგი ანწუხელიძე წამებისა და დაკითხვის შემდეგ, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე მოკლეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფაზე უარი თქვა ტყვედ ჩავარდნილმა შმაგი სოფრომაძემ. ჯარისკაცი ტყვედ მაშინ აიყვანეს, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოსაყვანად ფრონტის ხაზზე მეორედ შევიდა. შმაგი სოფრომაძეების ოჯახში პირველი სამხედრო მოსამსახურე იყო. აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს დაცვა მისმა ოჯახმა განაგრძო. შმაგი სოფრომაძის ორივე შვილი და და სამხედრო სამსახურში არიან.
აგვისტოს ომის მოვლენები გმირების ოჯახის წევრებთან ერთად გაიხსენა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დილიდან მივიდა და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან იმყოფებოდა მურაზ რომელაშვილი, რომელსაც აგვისტოს 5 დღიანმა ომმა ორი შვილი წაართვა. გია და გელა რომელაშვილები ტანკისტები იყვნენ. ძმები მტერთან შეტაკებას ემსხვერპლნენ.
2008 წელს გმირულად დაღუპული კაპრალ სერგეი გოროზიას ოჯახმა აგვისტოს მოვლენები პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ერთად გაიხსენა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს დილიდან მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გმირთა ხსოვნას სამხედროებთან ერთად პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო შინაგან საქმეთა მინისტრმა. უწყების ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში - ქალაქში, რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. შერიგების და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ძმები რომელაშვილების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აგვისტოს ომი გაიხსენეს რუსთავშიც - ქალაქის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გმირები გაიხსენეს აჭარაშიც. თორნიკე რიჟვაძემ ხულოსა და შუახევში აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი - ამ შედეგით დასრულდა 16 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.