კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომი" ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა.
გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ ფიქსირებული ინტერნეტ ბარის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ "მაგთიკომი" როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით კრიტიკულად დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს.
ექსპერტების შეფასებით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარი რეგულირების გარეშე ეს გარემოება, სულ მცირე, მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება, რითაც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, "მაგთიკომი", როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორი, ვალდებულია საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირაოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე, ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.
კომპანიას ასევე სატარიფო რეგულირების, განცალკევებული აღრიცხვის, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაეკისრა.