22 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
შინდისის გმირი, ლევან მელქაძე - "სამშობლო მისთვის ყველაფერი იყო, 3 დღის ჩვილი დატოვა და სამშობლოს დასაცავად ომში წავიდა"

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა.

ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო, რუსი კაპიტანი იძულებული გახდა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ მოეთხოვა.

უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის იყო 24 წლის ლევან მელქაძე.

თერთმეტი აგვისტო თენდებოდა, გვიან ღამით ხეთაგუროვში პატარა სალოცავი იპოვა, მთელი ღამე ილოცა, ღმერთს ევედრებოდა... ახლად შერთული მეუღლე და 3 დღის ჩვილი დატოვა სამშობიაროში. ალბათ, მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრას სთხოვდა უფალს. 11 აგვისტოს, დილით, დედას უკანასკნელად დაურეკა: მშვიდობით ვარ, მოვდივარო... მას მერე ლევანის ხმა აღარ გაუგონიათ. ხეთაგუროვიდან გამოსვლისას მტრის ალყაში მოექცა მისი ოცეული, შეტაკებისას დაიღუპა... ლევან მელქაძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

"რუსთავი 2" გმირულად დაღუპული ლევან მელქაძის დედას, ქეთევან ტორონჯაძეს ესაუბრა. გმირის დედას შვილის ბავშვობაზე საუბარი უჭირს, თუმცა იხსენებს, რომ ლევანი გამორჩეული და მოსიყვარულე იყო ბავშვი, რომელსაც ყველას მიმართ საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა

"საოცრად თბილი ბავშვი იყო. უაღრესად კეთილი, არასდროს არავის აწყენინებდა. ეშმაკიც იყო ოდნავ, მაგრამ შემაწუხებელი არა. ძალიან მოსიყვარულე იყო ყველას მიმართ. მხოლოდ დედ-მამა და და-ძმის მიმართ არა, ყველას მიმართ მოსიყვარულე იყო. სხვანაირი იყო... კიდევ ხომ მყავს 2 შვილი, რომელიც საკუთარ თავს მირჩევნია, მაგრამ ლევანი სხვანაირი იყო. სულ უნდოდა ვინმეს დახმარებოდა.

სხვების დახმარება ძალიან სიამოვნებდა. არავის აწყენინებდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა. დედისთვის რთულია ასეთ დროს შვილის ბავშვობაზე საუბარი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს. უმცროსი დაიკოც ძალიან უყვარდა. ლევანს ყველაფრის მიმართ ჰქონდა მიდრეკილება. ალბათ, მეტი დრო არ ჰქონდა სიცოცხლის და ამიტომ. სამეგობრო წრეში უკრავდა. მეგობრები ყვებიან, ლევანი საოცარი ადამიანი იყოო. საინტერესო საუბარი იცოდაო. ყველაფერს ბოლომდე ჩაეძიებოდაო. მართალია, უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ თვითნასწავლი და განათლებული ბიჭი იყო. მეგობრები პატარა კომპიუტერს ეძახდნენ. განსაკუთრებით საქართველოს ისტორია უყვარდა.“ - იხსენებს გმირის დედა.

გმირის დედა იხსენებს, რომ მის შვილს ცხოვრებაში ყველაზე მეტად სურდადიდი ოჯახი ჰქონოდა, შვილებზე ოცნებობდა. ლევანს ყოველთვის მოსწონდა სამხედრო საქმე, სულით და ხორცით პატრიოტმა ჯერ სავალდებულო სამსახური მოიხადა, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა.

"ოცნებობდა, რომ დაამთავრებდა სკოლას, შემდეგ ჯარს მოივლიდა, ეს მაშინ აუცილებელი იყო. უნივერსიტეტშიც ჩაბარება უნდოდა, თუმცა ვერ მოხერხდა, ოჯახშიც პრობლემები გვქონდა, ეკონომიკურად გაგვიჭირდა. შემდეგ წავიდა ჯარში და მოხვდა სენაკის მეორე ბრიგადაში. ამის შემდეგ, სერჟანტთა მომზადების სკოლა გაიარა თბილისში, რომელიც 2006 წელს დაამთავრა და დაინიშნა უფროს სერჟანტად. ყველასა უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. შემდეგ კი მოიყვანა ცოლი.

2007 წელს დაოჯახდა. ქეთი ძალიან უყვარდა. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სურდა, დიდი ოჯახი ჰქონოდა. შვილებზე იცნებობდა. ანებრივდებდა მეუღლეს. სურვილი, მამა გამხდარიყო, აუსრულდა, მაგრამ მამობის ბედნიერება მხოლოდ სამი დღე იგემა. სამშობიაროში დატოვა საყვარელი მეუღლე და ჩვილი.

სამშობლო მისთვის ყველაფერი იყო. ის შემდეგ, რაც ჯარში წავიდა, ეს სიყვარული უფრო გაუმძაფრდა. სამშობლოს გამო ყველაფერზე წასვლა შეეძლო," -  - ამბობს გმირის დედა.

ლევანის შვილი 3 აგვისტოს დაიბადა, ომის დაწყების გამო კი, ლევანს ახლადშერთული მეუღლისა და 3 დღის ჩვილის სამშობიაროში დატოვება მოუწია. მამობას ვერ მოესწრო, მაგრამ შვილს გმირის სახელი დაუტოვა.

ქეთევან ტორონჯაძე შვილს 11 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში ტელეფონზე უკანასკნელად ესაუბრა. მის ოცეულს ცეცხლის შეწყვეტა რომ უბრძანეს, ლევანმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ მშვიდობით იყო და სახლში ბრუნდებოდა. თუმცა,  შინდისის რკინიგზის სადგურთან მტრის ალყაში მოექცა მისი ოცეული, შეტაკებისას დაიღუპა.

"ჩემი რძალი არის ზესტაფონიდან და იქ ვიყავით ყველანი. ლევანი ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში, არ შორდებოდა. ვერც მოვასწარით გააზრება, როდესაც 7 აგვისტოს დაურეკეს და გამოიძახეს. ჩემი მეორე შვილი ვაზიანში წავიდა, ლევანი კი სენაკში ისე, რომ არც მინახავს. გამოიძახეს და წავიდა, რა თქმა უნდა.

11 აგვისტოს 3 საათზე ველაპარაკეთ. უკვე გამოვდივართო გვითხრა, ამის შემდეგ კი დაიკარგა ყველაფერი. ვერც ტელეფონზე ვუკავშირდებოდით, წვდომა არ იყო. დაახლოებით საღამოს მოვიდა პოლიცია, ჩემი ყოფილი მოსწავლეები, რომ შემოვიდნენ უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ასე გაგვაგებინეს ლევანის ამბავი. შემდეგ იქ თბილისში რომ ჰყავდათ მორგში, იყო როგორც ამოუცნობი ჯარისკაცი, არანაირი საბუთები არ ჰქონდა, შემდეგ ლევანის ტელეფონი იპოვეს, ბოლო ზარი, რადგან ჩვენთან იყო განხორციელებული, მიხვდნენ, რომ ეს იყო ლევან მელქაძე. 7 დღის შემდეგ ჩამომისვენეს."

დაღუპულები პატრიარქის ძალისხმევით გამოიყვანეს. უწმინდესს ჩემი შვილი ერთ-ერთი პირველი გამოუყვანია. ამის მეტი არაფერი ვიცით... მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ხეთაგუროვში წინა ღამით სალოცავი უპოვია და მთელი ღამე ულოცია. სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა“. - აცხადებს გმირის დედა.

ლევან მელქაძე გმირულად 24 წლის ასაკში დაიღუპა.  ოჯახს გმირის სახელი დაუტოვა, მშობლიურ სამტრედიას კი - საკუთარი სახელობის ქუჩა.

 

 

 

 

დღის ამბები