22 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
16 წლის შემდეგ, უპასუხოდ რჩება კითხვა, რატომ შეცვალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" აგვისტოს ომის დაწყების თარიღი - მმართველ გუნდი ენმ-ის მხრიდან ისტორიის გაყალბების მცდელობაზე საუბრობს

აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგ, უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: რატომ შეცვალა "ნაციონალურმა მოძრაობამ," რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღი? ომში დაღუპულ გმირებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათთან დაკავშირებულმა პარტიებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პატივი დღეს მიაგეს, თუმცა ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში, ეს თარიღი 8 აგვისტოს აღინიშნებოდა. რატომ მიიჩნევს ახლა "ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლის ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს, 8 აგვისტოს ნაცვლად, პარტიის ლიდერებმა განმარტებებს დღეს თავი აარიდეს.

ის რაზეც, ყოფილ სახელისუფლებო ძალას საუბარი არ სურს, ინახება არქივში. კადრებში, რომელიც 2012 წლის 8 აგვისტოთი თარიღდება, ჩანს, რომ, პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომის მეოთხე წლისთავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად აღნიშნავდა. ანალოგიური მიდგომა გაგრძელდა 2013 წელსაც, როდესაც სააკაშვილმა დაღუპულ გმირებს პატივი, ასევე, 8 აგვისტოს მიაგო. არქივი ინახავს იმ კადრებსაც, სადაც ჩანს, რომ დამოკიდებულება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეიცვალა.

მთავარ შეკითხვაზე საკუთარი პასუხი აქვს სახელისუფლებო გუნდს, სადაც ამბობენ, რომ თარიღის შეცვლის მიზეზი 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ისტორიის გაყალბებაა. "ქართულ ოცნებაში" დღეს ის დოკუმენტები გაიხსენეს, რომლითაც დასტურდება, რომ რუსი სამხედროები 7 აგვისტოს რეგიონში არ ყოფილან და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 8 აგვისტოს გამოჩნდნენ. მმართველი პარტია აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების პირობას დებს. განცხადება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა.

2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებაში, რომელიც თავად ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა, ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ასობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა 8 აგვისტოს შემოვიდა.

"კურიერის" არქივში ინახება ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირის, გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსის, ზაზა გოგავას ინტერვიუც ფილმიდან, რომელშიც ის სამხედრო ოპერაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველი ფაზა 12 საათში უნდა დასრულებულიყო, რათა რუსული ჯარის შესაძლო შემოსვლას მზად დახვედროდნენ.

გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს განმარტებების გაკეთება აღარ სურს. ზაზა გოგავა დღეს "კურიერის" ზარებს არ პასუხობს, ხელისუფლების ყოფილი წევრები კი მაინც ამტკიცებენ, რომ რუსული აგრესია საქართველოში 7 აგვისტოს დაიწყო და ეს საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა.

ყოფილი ხელისუფლების წევრების გარდა, ომის დაწყების თარიღი შეცვალა ამერიკის საელჩომაც. დღეს და ბოლო 6 წლის განმავლობაში, დიპლომატიური უწყება მოვლენებს 7 აგვისტოს ეხმაურება, თუმცა არქივი გასული პერიოდების - 2016-17 წლების განცხადებებსაც ინახავს, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება.

მმართველი პარტია დღეს ოპონენტებსა და პარტნიორებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასაც ახსენებს. ევროპის საბჭომ დოკუმენტი 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო და მასში პირველად გაჩნდა თარიღი 7 აგვისტო. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა და ქართველი სამხედროები გასამართლების რისკის ქვეშ დააყენა.

რატომ ვერ მოხდა ომის სათანადო პრევენცია და რისკების შეფასება?! - სახელისუფლებო გუნდისთვის, ფაქტები მხოლოდ ერთზე მეტყველებს - რომ სააკაშვილმა დავალება მიიღო და პროვოკაციულად იმოქმედა, რაზეც პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეს ისაუბრა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ, ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კითხვებზე საჯარო პასუხს თავი ვერ უნდა აარიდოს და საზოგადოებისა და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

 

დღის ამბები