22 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
16 წელი აგვისტო ომიდან და ომის დაწყების შეცვლილი თარიღი - რას მალავს ნაციონალური მოძრაობა?

სახელისუფლებო გუნდი ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციას ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა. მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და, ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი ”ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც, მმართველი გუნდისთვის, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია. ”ქართულ ოცნებას” ახლა ოპონენტებისგან აინტერესებს, რატომ დათანხმდნენ რეზოლუციის იმ შინაარს, რომელშიც საქართველო ომის დამწყებ ქვეყნად ჩაიწერა.

რეზოლუციაზე ხელმოწერიდან 16 წლის შემდეგ, ”ნაციონალური მოძრაობა” კითხვას - რატომ დათანხმდნენ დოკუმენტის შინაარს - არ პასუხობს.

”ნაციონალური მოძრაობის” განმარტებები არაფრისმთქმელია მმართველი გუნდისთვის. სადაც ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო ძალის მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, რეალურად, პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაული დაადასტურა. ამ ნაბიჯით კი, საერთაშორისო დონეზე, რისკის ქვეშ დააყენა ქართველი ჯარისკაცები და ქვეყანა. საკითხზე დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

რეზოლუცია აქტუალური არ არის ოპოზიციის ნაწილისთვის. ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია დოკუმენტში და ვინ მოაწერა მას ხელი. ოპოზიციის განცხადებით, მათთვის მთავარი ისაა, რომ რუსეთი, ყველა საერთაშორისო დონეზე, ოკუპანტია.

სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ქმედება, რომელიც წინა ხელისუფლებამ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, ადეკვატურ შეფასებას მოითხოვს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

”ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, ომის დანაშაულის გამო, გასულ წლებში ითხოვდა სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტს ამ შინაარსის ერთ-ერთი განცხადება 2014 წელს, სოციალური ქსელითაც აქვს გავრცელებული. სალომე ზურაბიშვილი, მაშინ, მძინარე ცხინვალის დაბომბვაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მსგავსი პოზიცია დაფიქსირებული აქვს პაატა დავითაიასაც, რომელიც, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე იყო. მის განცხადებასაც არქივი ინახავს.

სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე საუბრობს მამუკა მდინარაძეც. უმრავლესობის ლიდერმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ყურადღება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზეც გაამახვილა. მდინარაძე წერს, რომ, მიუხედავად ამ რეზოლუციისა, სახელისუფლებო პარტიამ მოახერხა სტრასბურგსა და ჰააგაში სამართლებრივი დავების მოგება, რითაც დამტკიცდა, რომ ქართველი სამხედროები ომის დამნაშავეები არ არიან.

რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის 2 ოქტომბერს, 93 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტს მაშინ მხარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დაუჭირეს, რუსეთის დელეგაცია კი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა. 

დღის ამბები