22 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, აპირებდა შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც ალბათ წინა საარჩევნოდ უნდა ყოფილიყო - არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის შეწყალებას გეგმავდა. სახელისუფლებო პარტია ამას იმ უკმაყოფილებით ხსნის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდელებმა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისთვის ერთი შეხედვით სასარგებლო განაჩენის გაპროტესტება, სხვა არაფერია თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია მასსა და პრეზიდენტს შორის შეწყალებასთან დაკავშირებით არსებობდა.

"დღემდე, "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი, მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილ 6 წელი აქვს შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ეს 6 წელი მოიცავს, მათ შორის, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასჯელის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლოა მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ის აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერია თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, აპირებდა შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც ალბათ წინა საარჩევნოდ უნდა ყოფილიყო," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

დღის ამბები