22 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს - სალომე ზურაბიშვილი

"ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პრეზიდენტს წაუკითხა საკუთარი განცხადებიდან ციტატა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა: "შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია, უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?".

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ახერხებს აღნიშნული განცხადების ადრესატებთან, ვისზეც ამბობდა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, საკუთარი ბავშვები დახოცა, ერთ მაგიდასთან ჯდომას.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება არ ნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი.

"ის ნათქვამი, რაც წაკითხული იყო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო საუბარი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება, ჩაიდინა, მაგრამ ამაზე "ოცნებამ" არ დაიწყო არანაირი გამოძიება. სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცებზე. რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოში მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები, პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით, თანამედროვე ისტორიის მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა "ოცნებამ", როგორც ჩანს, დაივიწყა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები