22 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
სტიქიის 94 კერა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 250 000 ადამიანი - აშშ-ში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საგანგებო მდგომარეობის მეცამეტე დღე, დანგრეული შენობები და აშშ-ის ისტორიაში მეოთხე უდიდესი ხანძარი - ეს კალიფორნიის შტატია, სადაც 400,956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა. სტიქიასთან ბრძოლას ათასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ამ დროისთვის, მხოლოდ ხანძრის 30% -ია ლოკალიზებული.

დანგრეულია 600-მდე და დაზიანებულია 50-ზე მეტი შენობა. რთული პირობები მეხანძრეების მუშაობას ხელს უშლის. სტიქიასთან ბრძოლას აფერხებს მაღალი ტემპერატურაც, რაც ცეცხლის შორ მანძილზე გავრცელებას უწყობს ხელს. 13 დღის განმავლობაში, სტიქიის ზონიდან არაერთი ადგილობრივის ევაკუაციაც გახდა საჭირო.

ხანძარი მძვინვარებს ორეგონის შტატშიც, სადაც სტიქიური უბედურების გამო 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მძიმეა ვითარება კოლორადოშიც, სადაც ცეცხლის ლიკვიდირებას ასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს, მათ შორის, არიან მოხალისეებიც. ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, სტიქიის ზონაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

სტიქიას ებრძვიან აიდაჰოს, ვაშინგტონის, მონტანას და ტეხასის შტატებშიც. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ხანძრები მშრალი პირობებით და მაღალი ტემპერატურითაა გამოწვეული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანა 89 აქტიურ ტყის ხანძარს ებრძვის. მათგან რამდენიმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სტიქიამ ამერიკის მასშტაბით ორ მილიონზე მეტი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

ავტორი: მარიამ იობიძე

დღის ამბები