22 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ბანერი დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე - საელჩო "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს

დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა. დანიის საელჩო არ პასუხობს "კურიერის" კითხვებს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას თელავში, მათ მიერ დაფინანსებულ "დემოკრატიის ფესტივალზე" მიხეილ სააკაშვილის ბანერის განთავსებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი დონორები ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ღიად აფინანსებენ.

დანიის მთავრობის დაფინანსებულ რიგით მეორე შეხვედრაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თელავში შეიკრიბნენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი მიხეილ სააკაშვილის ბანერი იყო, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ დაუმალავთ, რომ ეს პოლიტიკური გზავნილი იყო, უცხოური დაფინანსებით გამართული ღონისძიება კი კარგი პლატფორმა წინასაარჩევნო გეგმების გაჟღერებისთვის.

სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა უცხოური დაფინანსებაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდის. მმართველ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ დანიის ბიუჯეტიდან, ოპოზიციისა და NGO-ების ერთობლივი კამპანიის დაფინანსება, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას სოციალური ქსელით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა დანიის საელჩოს არ განუმარტავს, როგორ აღმოჩნდა მის მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე სააკაშვილის პლაკატი, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქართველი ხალხი ახლა უკვე კანონით ითხოვს ფინანსების გამჭვირვალობას. ავტორიტარიზმის ფესტივალს უწოდებს დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დონორების მიერ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

დანიის მთავრობის დაფინანსებით პირველი ფესტივალი წალენჯიხაში გაიმართა. ორგანიზაცია "დანიის პარტიების და ინსტიტუტის" მხარდაჭერით, შეხვედრები დაგეგმილია ქუთაისსა და ბათუმშიც.

დღის ამბები