პროტესტის მე-7 დღე და არეულობა მთელი ბრიტანეთის მასშტაბით - მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტი გაერთიანებულ სამეფოში განგაშის საფუძველი გახდა. ეროვნული და რელიგიური სიძულვილის მოტივით, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის "ინგლისის თავდაცვის ლიგის" წევრების მიერ დაწყებული დემონსტრაციების სამასამდე მონაწილე პოლიციამ დააკავა.
დილიდან ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო როტერჰემში. სამხრეთ იორკშირის ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც თავშესაფართა მაძიებლები იყვნენ განთავსებული, მიგრანტების მოწინააღმდეგეები იქ გუშინ საღამოდან შეიკრიბნენ. პროტესტი ისევ არეულობაში გადაიზარდა. დაზიანებულია სასტუმროს ინფრასტრუქტურა. შეტაკებების შედეგად, დაშავებულია 10-ზე მეტი სამართალდამცველი. ვითარება როტერჰემში იმდენად კრიტიკული გახდა, რომ ადგილზე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, დამხმარე ძალებთან ერთად ჩავიდა.
ულტრამემარჯვენეებმა მეჩეთებისა და თავშესაფრის მთხოვნელთა სასტუმროების, მაღაზიების და ადმინისტრაციული შენობების გადაწვა ლივერპულში, მანჩესტერში, ჰალლეში, სტოკ-ონ-ტრენტიში, ბრისტოლში, ბელფასტსა და ბლეკპულშიც სცადეს. ინგლისის ყველა ქალაქში დემონსტრანტები სამართალდამცველებს ქვებით და ბოთლებით გაუსწორდნენ.
ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იმდენად კრიტიკულია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.
სანამ ბრიტანეთის მთავრობა ინგლისის ქუჩებში ჩვეული სიმშვიდის დაბრუნებას მოახერხებს, ადგილობრივი მედიისგან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე არეულობები უკვე შეფასდა, როგორც გაერთიანებული სამეფოს სირცხვილის დღეები.
ინგლისის ქალაქები არეულობამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქალაქ საუთპორტში 17 წლის აქსელ მუგანვა რუდაკუბანი საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს ცივი იარაღით თავს დაესხა, მოკლა 3 მცირეწლოვანი, 8 ბავშვი კი დაჭრა. არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად 1 აგვისტოს ლივერპულის სასამართლოში წაუყენეს. ეჭვმიტანილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კარდიფში დაბადებული წარმოშობით რუანდელია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.