ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა, უკვე მეორე პაციენტს თავის ტვინში წარმატებით ჩაუნერგა მოწყობილობა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პარალიზებულ ადამიანებს, ფიქრის საშუალებით ციფრული მოწყობილობების გამოყენების საშუალება მისცეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
Neuralink ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად შექმნილი მოწყობილობის ტესტირების პროცესშია.
პირველ პაციენტს, მოწყობილობამ საშუალება მისცა ვიდეო თამაშები ეთამაშა, ინტერნეტ გვერდები დაეთვალიერებინა, სოციალურ ქსელებში შეტყობინებები გაეგზავნა და პერსონალურ კომპიუტერზე კურსორი ემოძრავებინა.
მასკის განცხადებით, პირველი პაციენტის მსგავსად, მეორე პაციენტსაც ძვლის ტვინის ტრავმა ჰქონდა, რომელიც დაივინგის დროს, უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო. სხვა დეტალებთან დაკავშირებით მეორე პაციენტზე მასკს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
მისი განმარტებით, პაციენტს თავის ტვინში ჩანერგილი იმპლანტის 400 ელექტროდი წარმატებით ფუნქციონირებს. Neuralink-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმპლანტანტი სულ 1024 ელექტროდს იყენებს.