22 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ჯანდაცვის უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც დასავლელი დონორების მიერ ფინანსდება, ამ პროგრამების გაჩერება ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს - პაატა მანჯგალაძე

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შეჩერება, ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანას.

"ჯანდაცვის უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც ფინანსდება დასავლელი დონორების მიერ. ამ პროგრამების გაჩერება ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს. ლუგარი იმ შუაშია, რომ ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროექტი, შექმნილი ლაბორატორია. ეს ლაბორატორია რომ არა, ჩვენ თავდაპირველ ეტაპზე კოვიდ ანალიზების გაკეთებაც კი გაგვიჭირდებოდა," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

შეფასებები გაკეთდა პარტია "ახალშიც". "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-ს წევრის, ანა ქავთარაძის განცხადებით, დაფინანსებების შეწყვეტაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

"პროცესზე, რომლის შედეგადაც ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად 10 მილიონ აშშ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. ძალიან ბუნებრივია ის, რომ მთელ რიგ სისტემებს შეუწყდებათ დასავლეთისგან დაფინანსებები," - აღნიშნა ანა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა.

 

დღის ამბები