ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება - გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ოფიციალური ინფომრაციით, ეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი უნდა იყოს. კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, სხვადასხვა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობებიც.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განვითარება წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
"ქუთაისში აღნიშნული პროექტის განვითარება ნამდვილად წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც განთავსდება სამეცნიერო ინტერაქციული მუზეუმი, ქართული ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, სადაც იქნება საერთაშორისო აქსელერატორი და საერთაშორისო IT სკოლა, ასევე სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიების ლაბორატორიები.
მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ქუთაისის წარმატებული და ტრადიციული სკოლა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.