აჭარაში ზეიმია - კურორტი ბეშუმი სახალხო დღესასწაულს "შუამთობას" აღნიშნავს. დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, ქართული ესტრადა და ტრადიციული ნიშნობის ცერემონია - ეს დღევანდელი დღის მთავარი კომპონენტებია. ადგილობრივებთან ერთად იზეიმა სახალხო დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა. რეგიონის განვითარება და ახალი პროექტები - პრიორიტეტები დასახელებულია. მთავარი სათქმელი კი ერთი იყო "ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს".
ადგილობრივებს, სტუმრებს და ტურისტებს, შუამთობის დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთის განვითარებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც რეგიონის განვითარებას ხელს შუწყობს.
ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე ის ადამიანები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით რეგიონის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. წელს, საპატიო ხულოელის სტატუსი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიანიჭეს, მაღალმთიანი აჭარისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გამო.
"შუამთობა" აჭარაში ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ადგილობრივები სტუმრებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან, იმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები.