22 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება პრინციპული და დეტალური გამოძიება - არჩილ თალაკვაძე შეთქმულების და ტერორიზმის საქმეზე

პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით არაერთი პირი გამოიკითხა, გამოკითხვები მიმდინარეობდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებითაც.

"უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება დაცული" - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები და ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება დროული და პრევენციული იყო.

საქმე გრიფით საიდუმლოა. გამოძიება კი, ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს კურსის ცვლა ძალადობრივი გზით სურს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება პრინციპული და დეტალური გამოძიება. ვისაც ჰქონდა ასეთი გეგმა, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში ძალადობრივი სცენარით განვითარდეს პროცესები, ვისაც სურს თავდასხმა, ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. დაველოდოთ გამოძიებას. მერწმუნეთ, ვერავინ შეძლებს, ამ გზით, საქართველოს კურსი შეცვალოს და გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლისთვისაც ტერორიზმი და ადამიანის კვლა, შესაძლოა, მისაღები იყოს.

"ადგილი არ უნდა რჩებოდეს ასეთი მოვლენებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს ამასთან შეგუება. ჩვენ გვყავს ქვეყანაში ძალები, რომლისთვისაც ეს ფორმა, შეიძლება, მისაღები იყოს - ადამიანების კვლა, ტერორიზმი. ყველაფერს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელიც სრულფასოვნად მიმდინარეობს. მთავარი ის არის, რომ ასეთი ჩანაფიქრი განხორციელებადი ვერ აღმოჩნდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები