დიდი წარმატება და დასანანი მარცხი - ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ქართველი ვაზარით იგებდა და უკვე მაშინ, როცა ყველა კიდევ ერთ ოქროს მედალს ელოდა, მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით, 3 შიდოთი დამარცხდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აზერბაიჯანელი ავიდა.
იმედგაცრუება, სულ მალე წარმატებამ ჩაანაცვლა. მოკრივე ლაშა გურულმა მეოთხედფინალში იმარჯვა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. მიზანი პედესტალის უმაღლესი საფეხურია. 4 აგვისტოს, ნახევარფინალში ქართველის მეტოქე, კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება.
ეს არის მესამე შემთხვევა, როცა საქართველოს სახელით მოკრივე ოლიმპიურ მედალს მოიგებს. ბოლოს 24-წლის წინ - 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა უკვე 3 მედალი მოიგო. ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი - ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
პირველად ისტორიაში, საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ დისციპლინაში იასპარეზებს. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი, მედლებისთვის ხვალ 3 აგვისტოს იბრძოლებს. ტატამიზე ვერ გამოვა გურამ თუშიშვილი, დღეს, ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო. სპორტსმენები ერთმანეთთან სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ქართველი ათლეტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ყველა ტურნირიდან მოიხსნა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, თუშიშვილი "ძიუდოს სულისთვის შეუფერებელი საქციელის გამო" დაისაჯა. საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და მისი სასჯელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი