22 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარსებიდან 9 წლის იუბილე სპეციალური სწავლებით აღნიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საწვრთნელი ბაზა, იმიტირებული სპეცოპერაციის ადგილია. მძევლების გათავისუფლების სცენარში ათობით სპეცრაზმელი მონაწილეობდა.

საწვრთნელი ღონისძიება დამნაშავეების დაკავების ინსცენირებასაც მოიცავდა. სპეცდანიშნულების რაზმმა მოაწყო საჩვენებელი შეიარაღებული შეტაკება დამნაშავეებთან. ოპერაციაში ჩაერთო ავიაციაც.

სასწავლო და საწვრთნელი ოპერაციის ფარგლებში მოხდა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა-გაუვნებელყოფაც.

საჩვენებელი წვრთნა სპეცტექნიკისა და სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოიცავდა კონტრტერორისტული ოპერაციების არაერთ კომპონენტს. გამოყენებული იყო რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და ვერტმფრენი.

საწვრთნელი ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. მებრძოლები დაჯილდოვდნენ სამკერდე ნიშნით "ღირსეული სამსახურისთვის", ასევე გადაეცათ სიგელები.

სუს-ის ხელმძღვანელმა მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგო სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მებრძოლთა ხსოვნას.

საწვრთნელი და საზეიმო ღონისძიებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა.

დღის ამბები