22 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა - საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით ქვეყანა მსოფლიოში 33-ე ადგილზეა

საქართველო საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით, მსოფლიოში, 33-ე ადგილს იკავებს და ამ მონაცემით, დიდი შვიდეულის 4, ევროკავშირის ყველა კანდიდატ, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს. შეფასების ავტორი გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია - ”დემოკრატიის მრავალფეროვნებაა”. კვლევის მიხედვით, დგინდება, რომ თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსით, საქართველოს შეფასების 100%-ანი სისტემიდან 84,9%-ი აქვს.

საქართველომ რეიტინგში გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, შეერთებული შტატები, კანადა, დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სამხრეთ კორეა. თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსი იკვლევს, რამდენად ეფუძნება თანასწორობას სახელმწიფოს მიერ სოციალური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში, საქართველოს დაწინაურება ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია. ხელისუფლების ოპონენტები უნდობლობას თავად კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციასაც უცხადებენ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ავტორიტეტული მკვლევარი და კოორდინატორი ჰყავს.

ოპოზიციის დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წინსვლას, რომელიც ქვეყანას აქვს და გარდა ამისა, გამოხატავს საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ.

"დემოკრატიის მრავალფეროვნება" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია, რომელიც უშუალოდ დემოკრატიის მიმართულებით მუშაობს. პროექტს 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი უძღვება.

დღის ამბები