22 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
პუტინისა და ლუკაშენკოს 16 პატიმარი რვის სანაცვლოდ - ანკარაში პატიმრების უპრეცედენტო გაცვლა შედგა

ანკარაში პატიმრების უპრეცედენტო გაცვლა შედგა. ჯო ბაიდენმა ანკარადან ვაშინგტონში კრემლის პატიმრები ჩაიყვანა. მათ შორის, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ, ევან გერშიკოვიჩს - "უოლ სტრიტ ჟურნალიდან". მის კოლეგას "რადიო თავისუფლებიდან" ალსუ კურმაშევასა და ერთდროულად 4 ქვეყნის მოქალაქე საზღვაო ქვეით, პოლ უილანს. ჯო ბაიდენი და მათი ოჯახები, ოვალური ოფისიდან, მგზავრების დასახვედრად პირდაპირ ვაშინგტონის ავიაბაზაზე გაეშურნენ.

წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით დახვდა გაცვლილ პატიმრებს ვლადიმერ პუტინი. მათ შორის, სლოვენიაში ჯაშუშობისთვის დაკავებულ დულცევების ოჯახს, მათი ორი არასრულწლოვანი შვილით. პოლონეთიდან, ნორვეგიიდან თუ აშშ-დან გათავისუფლებულ "ეფესბეს" აგენტებსა და ჰაკერებს. რაც მთავარია, პუტინის დიდი ხნის ნაცნობსა და მისი შეფასებით "ბანდიტების მკვლელ პატრიოტს" ვადიმ კრასიკოვი. 

ცივი ომის შემდეგ, რუსეთმა სპეც-სამსახურების სანაცვლოდ პოლიტპატიმრები პირველად გაცვალა. "ეფესბესა" და "სიაეის" შორის შეთანხმებას მრავალთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ, სამ სხვადასხვა კონტინენტზე და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურებისა და ბიზნესმენების ჩართულობით. მათ შორის, ჰილარი კლინტონი და "გუგლის" ყოფილი შეფი, შმიტიც კი სახელდებიან. შედეგად მოსკოვმა აშშ-სა და ევროპის 16 მოქალაქე და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერები - ვლადიმერ კარამურსა, ილია იაშინი და ოლეგ ორლოვიც კი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა რუსულ სიაში ალექსეი ნავალნიც უნდა ყოფილიყო, რომელიც თებერვალში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა მოსკოვისთვის და ბერლინისთვის ხანგოშვილის მკვლელი კრასიკოვია, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი გათავისუფლება შოლცს ძალიან არ უნდოდა, თუმცა ფუნდამენტურმა ღირებულებებმა გადაწონა. ამაზე კანცლერმა მაშინ ილაპარაკა, როდესაც კიოლნში ჩაფრენილ ევროპელ ტყვეებს ხვდებოდა.

გაცვლაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ანკარას, როგორც ნატო-ს წევრსა და ამავდროულად, რუსეთის სტაბილურ მოკავშირეს. თურქეთს აქაც დიდი როლი დაეკისრა, რომელიც უბადლოდ შეასრულა. სწორედ იქ ჩაფრინდნენ პატიმრები, რომელთა გაცვლაზეც რამდენიმე ქვეყნის სპეც სამსახური, საიდუმლოდ, თვეების მანძილზე მუშაობდნენ. შრომატევადი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ, თავი თავად ჯეიკ სალივანმაც კი ვერ შეიკავა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამგვარი მასშტაბის გაცვლა, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც არაპროგნოზირებადია. შესაბამისად, პატიმრების გაცვლაზე დაწყებული მოლაპარაკებების დროულად დასრულება მოსკოვისთვისაც და თეთრი სახლისთვისაც სასარგებლო უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ მასში დიპლომატების დიდი შრომა ჩაიდო.

დღის ამბები